1 მილიონ 202 ათასი ლარი ჯარიმა პარტიების ფინანსური დახმარებისთვის

დღეს, 8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობისთვის 17 პირი, ჯამში, 1 მილიონ 202 ათასი  ლარით დააჯარიმეს, ხმაურით წარიმართა. პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოში სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე 7 საათის მანძილზე განიხილავდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის(ყოფილი კონტროლის პალატა) მიერ შედგენილ 17 სამართალდარღევის ოქმს, რომლის მიხედვითაც, 17 პირი სამართალდამრღვევად სცნო პარტიების სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში და ისინი პარტიებისთვის გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

 

ჯარიმა დაეკისრა ეროვნული ფორუმის 7 წევრს: 1. ლეილა ჩქარეული – 20 000 ლარი; 2. მარინა ნადირაძე – 37 500 ლარი; 3. ირმა დავითაძე – 78 365 ლარი; 4. ავთანდილ დავითაძე – 114 192 ლარი; 5. კახა ჩაკვეტაძე – 93 000 ლარი; 6. ლევან ჩიჩუა – 24 987; 7. მაია თანიაშვილი – 24 987.

 

ჯარიმა ასევე დაეკისრა ”კონსერვატიული პარტიის” 4 წევრს: 1. ბიძინა გუჯაბიძე –  150 000 ლარი; 2. გივი რამაზაშვილი – 80 000 ლარი; 3. გიგა ბუკია –  177 000; 4. დავით ბაციკაძე  135 000.

 

დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ”თავისუფალი საქართველოს წევრები”: 1. გიორგი მოსიაშვილი – 125 350 ლარი; 2. ირაკლი ჭუბაბრია – 79 145; 3. ალექსანდრე შალამბერიძე – 40 245 ლარი; 4. ბადრი ცინცქილაძე – 40 100 ლარი.

 

საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ გოგსაძე და ის 60 000 ლარით დააჯარიმა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველ ბეჟან ნოდიშვილს კი ჯარიმის სახით 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენი 16 პირისგან განსხვავებით, დღევანდელ სასამართლო პროცსზე არ იმყოფებოდა არც ბეჟან ნოდიშვილი და არც მისი წარმომადგენელი ადვოკატი.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოჩამოთვლილმა პირებმა ვერ დაასაბუთეს იმ თანხების წარმომავლობა, რომლებიც მათ ცალკეულ პარტიებს შესწირეს. შესაბამისად, აღნიშნული თანხები აუდიტის სამსახურმა უკანონო შემოწირულობად მიიჩნია და 17 სამართალდარღვევის ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისს გადაუგზავნა. აღნიშნულ პირებს სასამართლო უწყება ჩაბარდათ პარასკევს, 6 ივლისს, 22:00-დან 23:00 საათის შუალედში. მათ ეცნობათ, რომ სასამართლო განხილვა დანიშნული იყო შაბათს, 7 ივლისს, 16:00 საათზე. როგორც დაჯარიმებულმა  პირებმა და მათმა ადვოკატებმა განაცხადეს, მათთვის სასამართლოსთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებების შესაგროვებლად აღნიშნული რამდენიმე საათი საკმარისი არ იყო და პროცესის გადადება ”გონივრული ვადით” მოითხოვეს. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მიზანშეწონილად მიიჩნია პროცესის გადადება რამდენიმე საათით და საქმის განხილვა 8 ივლისს, დილის 10:00 საათზე დანიშნა.

 

დღეს გამართულ პროცესზე მყოფი პირები და მათი ადვოკატები რამდენიმე საათის მანძილზე მოითხოვდნენ, რომ სასამართლო კვლავ გადადებულიყო ”გონივრული ვადით”, რათა მათ შეძლებოდათ საკუთარი ინტერესების კვალიფიციურად დაცვა. ისინი აცხადებდნენ, რომ უკანონო შემოწირულობად მიჩნეული თანხების წარმომავლობას დოკუმენტებით დაადასტურებდნენ რამდენიმე დღეში. მათი თქმით, ამისთვის საკამრისი იქნებოდა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყებებიდან მათი საკუთრებისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვება, აღნიშნული კი იმიტომ ვერ მოესწრო, რომ სასამართლო პროცესი კვირის უქმე დღეებს დაემთხვა და დაწესებულებები ამ დღეებში არ მუშაობენ. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არც ერთი მათი არგუმენტი არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში ბრალდებულმა პირებმა სასამართლოს წარდუგინეს დოკუმენტების მხოლოდ ნაწილი, რომლის შეგროვებაც მოასწრეს, მათ შორის ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან, ასევე ზეპირად განაცხადეს იმ შემოსავლების შესახებ, რომლის დადასტურებასაც, მათივე თქმით, დოკუმენტებით რამდენიმე დღეში შეძლებდნენ.

 

შვიდსაათიან სასამართლო პროცსზე შესვენება მხოლოდ 2-ჯერ, 10-10 წუთით გამოცხადდა. სამართალდარღვევაში ბრალდებულმა დავით ბაციკაძემ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს შუამდგომლობით მიმართა და ერთსაათიანი შესვენების გამოცხადება სთხოვა. ბაციკაძემ  მიზეზად ის დაასახელა, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა, რადგან დიაბეტითაა დაავადებული, შესაბამისად,  მისთვის საჭირო იყო საკვების მიღება. პასუხად მოსამართლემ განუცხადა, რომ მას შეეძლო პროცესის დატოვება, პროცესს კი მისი ადვოკატი ემზარ აქსაძე დაესწრებოდა. დავით ბაციკაძემ ამაზე უარი განაცხადა, მისი თქმით, მას უფლება ჰქონდა საკუთარ პროცესს დასწრებოდა. მოსამართლისგან მორიგი უარის მიღების შემდეგ ბაციკაძემ უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე და თქვა, რომ საკუთარ ინტერესებს თავად დაიცავდა და ეს რომ გაეკეთებინა, მისთვის შესვენება აუცილებელი იყო. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა მაინც არ დააკამყოფილა, რის შედმეგაც დავით ბაციკაძემ მოსამართლე მიქაუტიძეს უთხრა, რომ ის ბოლომდე დარჩებოდა სასამართლოზე და ფატალური შედეგის დადგომის შემთხვევაში პასუხისმგებელი მოსამართლე იქნებოდა.

 

”- თქვენ ხართ მკვლელი!” – ასე მიმართა მოსამართლეს დავით ბაციკაძემ, პასუხად კი გიორგი მიქაუტიძემ სასამართლოს უპატივცემულობისთვის ის დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულს რამდენიმე წუთის მანძილზე ხმაური და შეძახილები მოჰყვა დარბაზში. მოსამართლემ 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც სასამართლოს ფოიეში მყოფი დავით ბაციკაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. პირველადი დახმარების შემდეგ ბაციკაძის მგომარეობა გაუმჯობესდა და ის პროცესის დასრულებამდე სასამართლოს ფოიეში იმყოფებოდა.

 

ადვოკატები და სამართალდაღვევაში ბრალდებული რამდენიმე საათის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ პარტიებისთვის გადარიცხული თანხების კანონიერი წარმომავლობის დადასტურებას.

 

ზაალ გოგსაძის ადვოკატის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, გოგსაძე წლების მანძილზე მუშაობდა იტალიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად, ასევე გაეროს წარმომადგენლობაში ბოსნია ჰერცოგოვინაში. ორივე თანამდებობაზე მუშაობისას კი მისი შემოსავალი საკმაოდ მაღალი იყო. ბარამიძის თქმით, მხოლოდ ელჩად მუშაობისას გოგსაძეს 44 თვის მანძილზე ხელფასის სახით აღებული აქვს 270 ათას ევრომდე, რაც საბანკო ამონაწერითაც დასტურდება. შესაბამისად, მას არ გაუჭირდებოდა 12 000 ლარის ჩარიცხვა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ანგარიშზე და ამ თანხის წარმომავლობა საეჭვო არ არის. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს არგუმენტი და ზაალ გოგსაძე 60 000 ლარით დააჯარიმა.

 

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ასევე არ გაითვალსიწინა გიგა ბუკიას მტკიცება, რომ მან ”კონსერვატიულ პარტიას” 35 450 ლარი საკუთარი შემოსავლიდან, კერძოდ, ერთ-ერთ ბანკში გახსნილი საკრედიტო ხაზიდან გადაურიცხა. აღნიშნული საკრედიტო ხაზის თანხა კი 51 000 აშშ დოლარია. ბუკიას თქმით, 2011 წელს მან ორი ავტომობილი გაყიდა, ჯამური 15 ათასი აშშ დოალრის ღირებულების, ასევე 30 ათასი აშშ დოლარი მევალემ დაუბრუნა. შესაბამისად, ის, ჯამში, საკრედიტო ხაზის თანხასთან ერთად ფლობდა 100 ათას ლარზე მეტს და პარტიისთვის 35 000 ლარის გადახდა პრობლემა არ ყოფილა.

 

საკუთარი შემოსავლების დადასტურებას ცდილობდა ”კონსერვატორების” კიდევ ერთი წევრი და კაჭრეთის ყოფილი გამგებელი გივი რამაზაშვილი, რომლის თქმითაც, მას კაჭრეთში აქვს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ობიექტები – ხორბლის ყანები, ფერმა და ა.შ.  რამაზაშვილის თქმით, მისი წლიური შემოსავალი ამ მეურნეობებიდან ათეულ ათასობით ლარია და პარტიისთვის შეწირული 16 000 ლარის წამრომავლობაც დაუსაბუთებელი არაა.

 

აღნიშნული პირების მსგავსად, ოპოზიციური პარტიებისთვის ფულის შემწირველი სხვა პირებიც მოსამართლეს ამაოდ უმტკიცებდნენ, რომ მათ გააჩნდათ დასაბუთებული შემოსავალი გაყიდული საკუთრებიდან, კერძო ბიზნესიდან, წლების მანძილზე შეგროვილი დანაზოგისგან და ა.შ. ისინი ასევე ითხოვდნენ რამდენიმე დღეს ამ ყველაფრის დოკუმენტურად დასადასტურებლად.

 

მიუხედავად ამისა, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე დაეყრდნო კანონს, რომლის მიხედვითაც ადმინსიტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა 48 საათში უნდა დასრულდს. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ამ ვადაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო სამართლიანობის პრინციპის დაცვა და საქმის დეტალური, სიღრმისეული განხილვა.

 

ადვოკატების პროტესტი ასევე გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ 17 სამართალდარღვევის ოქმი ერთ საქმედ გაერთიანდა. ადვოკატ სანდრო ბარამიძის თქმით, მიუხედავად საქმეთა ერთგვაროვნებისა, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, რადგან საქმეში მონაწილე 17 პირის უფლებები დაირღვა, ვინაიდან მათ არ მიეცათ ადეკვატური დრო და საშუალება, კვალიფიციურად დაეცვათ საკუთარი ინტერესები.

 

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ თითოეულ პირს საკუთარი არგუმენტების წარმოსადგენად მხოლოდ 7 წუთი მისცა, მტკიცებულებების გამოსაკვლევად კი – 3. ადვოკატებმა არაერთხელ დააყენეს მოსამართლის აცილების საკითხი და ის ღიად დაადანაშაულეს ხელისუფლების ინტერესების გატარებასა და მიკერძოებაში.  

 

სახელმიწფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ამირანაშვილმა საქმის განხილვის დამთავრებისთანავე სასამართლო დატოვა და მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დალოდებია.

 

7-საათიანი განხილვის შემდეგ სათათბიროდ გასულმა გიორგი მიქაუტაძემ გადაწყვეტილება დაახლოებით 40 წუთში

გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე

 გამოაცხადა, რასაც დარბაზში მყოფთაგან ყვირილი და პროტეტსის ნიშნად ტაშისკვრა მოჰყვა. მათ გასაჩივრებისთვის 72– საათიანი ვადა აქვთ, თანხის გადასახდელად კი – 7 დღე. ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ჯერჯერობით უცნობია ”ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველის, ბეჟან ნოდიშვილის პოზიცია, რომელსაც ჯარიმის სახით 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ის სასამართლოზე არ გამოცხადებულა.

 

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2006-2010 წლებში ისანი-სამგორის რაიონში მუშაობდა პროკურორად, 2010 წელს მუშაობა დაიწყო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სამდივნოს უფროსად, 2010-2011 წლებში კი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge