თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ ფორუმში მონაწილეობას 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი იღებს.
მათ შორის არიან უზბეკეთისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები. ასევე- საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.
წლევანდელი აბრეშუმის გზის ფორუმის თემებია:
სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“
„მომგებიანი ვაჭრობა“
„ენერგეტიკის ხვალინდელი დღე – განვითარების ტენდენციები,
- აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყლის უსაფრთხოება და მდგრადობა
ფორუმი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. გამოსვლაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან.
მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის. გიორგი გახარია ასევე შეეხო იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით იყენებენ. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო მიესალმება მსგავსი პროქტების გაფართოებას:
“საქართველო ცდილობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გადათარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და, შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. აქედან საქართველო მიესალმება და მხარდაჭერას უცხადებს “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარებას, სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოებას, ასევე ტრანს-ადრიატიკული მილსადენისა და ტრანს-ანატოლიური მილსადენის განვითარებას, რომელსაც „ენერგიის აბრეშუმის “გზადაც” მოიხსენიებენ”.
ოპერის თეატრის წინ, სადაც აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, აქცია გაიმართა.
“ჩვენ შევპირდით ბატონ გიორგი გახარიას და მთლიანად ოცნებას, რომ შევუქმნიდით ყველგან დისკომფორტს, სადაც იქნებოდნენ, და 20 ივნისის ღამე ასე არ შერჩებოდათ. აქ მოვედით, რომ ვიხმაუროთ და ხმა გავაგებინოთ არა მარტო გახარიას, არამედ აქ მოსულ სტუმრებსაც,” – უთხრა ჟურნალისტებს მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” წარმომადგენელმა თამთა გოგოლაძემ.
როგორც აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამარ კაკაბაძე ამბობს, მსგავსი საერთაშორისო ფორუმები უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, მათი პროტესტის შესახებ სხვებმაც შეიტყონ:
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია იქ ყოფნა, სადაც გიორგი გახარია წავა. მსგავსი ფორუმი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომ გახდა, რომ გაცილებით მეტ ადამიანს, საერთაშორისო დელეგატებს გავაგონოთ ჩვენი პროტესტი. ანუ ის, რომ გიორგი გახარია და “ქართული ოცნება” უკვე დეკლარირებულად არის პრორუსული ხელისუფლება.”
აბრეშუმის გზის ფორუმი ხვალ, 23 ოქტომბერს დასრულდება.