მეცხრეკლასელებისთვის განკუთვნილ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში პიროვნების განმარტებას მასწავალებელთა და უფლებადამცველთა ნაწილი დისკრიმინაციულად აფასებს.
წიგნი, რომელსაც 7 ავტორი ჰყავს, “საქართველოს მაცნემ” გამოსცა. გარდა ამისა, სახელმძღვანელომ განათლების სამინისტროს გრიფირების პროცესი წარმატებით გაიარა და ამ დრომდე ისწავლება სკოლების ნაწილში.
ვინ არ შეიძლება იყოს პიროვნება? – ბავშვი, რომელსაც არ გააჩნია თვითცნობიერება (ვერ აცნობიერებს თავის ინდივიდუალობას) და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს ცნობიერება – იგი შეურაცხადად ითვლება. არც ერთი და არც მეორე პასუხს არ აგებს თავისი ქმედებებისთვის.
– წერია სახელმძღვანელოში, რომლითაც მეცხრეკლასელ მოსწავლეთა ნაწილი სამოქალაქო განათლებას სწავლობს.
თავში, სადაც ავტორებმა ამ ფრაზის ჩაწერა გადაწყვიტეს, პიროვნებაზე და ამ სიტყვის დეფინიციაზეა საუბარი. თუმცა ამგვარი განმარტება მშობელთა და ექსპერტთა ნაწილისთვის დისკრიმინაციულია. მათი აზრით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვი და ფსიქო-სოციალური საჭიროებები მქონე ადამიანები პიროვნებები არ არიან.
“არაჰუმანური ჩანაწერი“ – უფლებადამცველის შეფასება
ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სახელმძღვანელოში ამ ჩანაწერის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. მისი თქმით, მსგავსი განმარტებები, როგორც მინიმუმ, ცალსახად არაპროფესიონალურია.
“გარდა ამისა, ეს არის არაჰუმანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანების, ამ შემთხვევაში ბავშვების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების, გასაგნებას, დეპერსონიფიცირებას, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული და რასაც, ჩემი შეფასებით, აკეთებდნენ გამოქვაბულის ხანაში,“ – ამბობს ანა აბაშიძე.
უფლებადამცველი პრობლემაზე სუბრისას ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობას და დასძენს, რომ უწყებამ უნდა განმარტოს, თუ როგორ მოხვდა ეს ტექსტი ბავშვებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში.
ანა აბაშიძის მოსაზრებით, სამინისტრომ და პროფესიონალებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ ეს წიგნი და სკოლებიდან ან მთლიანად წიგნი ამოიღონ, ან მისი ნაწილი.
როგორც აბაშიძე ამბობს, ასეთი წიგნის ავტორი “სხვა მსგავს ჩანაწერებსაც გააკეთებდა წიგნში”.
“ამ ჩანაწერისთვის ყველაზე მსუბუქი შეფასება არის დისკრმინიაცია, ყველაზე ზუსტი შეფასება კი – ადამიანების გასაგნება, არაჰუმანური და არაადამიანური დამოკიდებულებები ადამიანის, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბავშვისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების მიმართ. ეს არის სტიგმის თავი და ამას ათწლეულებია ვებრძვით. სკოლებში ამგვარი დეფინიციის შეტანა ფაშისტური პერიოდის დამოკიდებულებებს მაგონებს,“ – განმარტავს ანა აბაშიძე.
აბაშიძის თქმით, ამგვარი ინფორმაციის ბავშვებისთვის მიწოდება დაუშვებელია და “განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესც ეს ფორმალური განათლების სისტემაში სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოთი ხდება”.
უფლებადამცველი ერთ-ერთ გამოსავლად მასწავლებლების ქმედებას მიიჩნევს. კერძოდ, მისი აზრით, სწორედ მასწავლებლებმა უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ პიროვნების მსგავსი განმარტება არის დისკრიმანიული და ადამიანები საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამგვარი არაადამიანური დამოკიდებულების მსხვერპლნი იყვნენ.
“ეს ჩანაწერი არის აზროვნების ისეთი ნიმუში, რომელიც ბავშვთა უფლებებს, რეალურად, არანაირ სასიცოცხლო მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ის პრობლემები, რაც ბავშვებს უდგათ, ასეთი ტიპის აზროვნებიდან მომდინარეობს. რომ შევაჯამოთ, ყველა პასუხისმგებლიანმა მასწავლებელემა უაღრესად კრიტიკულად და ნეგატიურად უნდა დაანახოს ბავშვებს და არა ისე, როგორც წიგნის ავტორმა წარმოაჩინა. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა უთხრას, რომ დაუშვებელია ამგვარი განმარტება პიროვნების აღსაწერად“, – უთხრა ნეტგაზეთს ანა აბაშიძემ.
როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს დისკრიმინაციაზე – მოკლე რჩევა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილი ერთ-ერთი ფინალისტი ლადო აფხაზავა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვებისთვის თანასწორობაზე საუბარი დაწყებითი კლასებიდანვე აუცილებელია. მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ბავშვი ინკლუზიურობისა და მიმღებლობის პრინციპებს ისწავლის.
აფხაზავა დასძენს, რომ ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოსთან შეხება არ ჰქონია თუმცა, ზოგადად, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში სწავლობდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ, რომ ყოველი მოქალაქე თანაბრად ღირებულია. ამიტომ, საგაკვეთილო პროცესები ამ კუთხით უფრო მეტი სიფრთხილითა და ყურადღებით არის დასაგეგმი. ჩვენ მოსწავლეებს მთავარი უნდა ავუხსნათ – ყველა ერთნაირი არ ვართ, ყველას ერთნაირი გასაჭირი არ გვაქვს, სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა მდგომარეობა აქვთ, თუმცა ჩვენ ყველა თანასწორუფლებიანი ვართ.
მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში იყო მოსწავლე, რომელსაც ტურეტის სინდრომი ჰქონდა. მას თავიდან ბავშვები დასცინოდნენ. მე ეს რომ დავინახე, გადავწყვიტე, ჩავრეულიყავი და ვთხოვე ამ მოსწავლეს, თავისი სინდრომის შესახებ სხვებთან ერთად ესაუბრა. როდესაც ბავშვმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოყვა, ის სხვა მოსწავლეებმაც მიიღეს.
სხვათა შორის, ფილმიც არის გადაღებული დოკუმენტური ამ თემაზე, “მფრინავი ენი“, რომელიც ტურეტის სინდრომს ეხება და მთავარი გმირი – ენი, თავის მეგობრებს სინდრომის შესახებ უხსნის. ის ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სხვებისთვის საფრთხის შემცველი არ არის და მას სჭირდება, რომ სხვებმა ის დისკრიმინაციის გარეშე მიიღონ“, – გვიყვება ლადო აფხაზავა.
აფხაზავა ასევე განმარტავს, რომ მის გაკვეთილებსაც ხშირად ესწრებიან შშმ ბავშვები და განსხვავებულად არასდროს ექცევა, “არამედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით, სხვა ბავშვების მსგავსად ვრთავ სხვადასხვა აქტივობებში“.
“ამ ბავშვებისგან ყოველთვის მიმიღია ძალიან კარგი უკუკავშირი, ისინი ამბობდნენ, რომ თავს გრძნობდნენ როგორც სხვა მოსწავლეები და არა გარიყულად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ თანასწორობა და ის, რომ სხვადასხვა საჭიროებების ადამიანებს დამაკნინებლად არ შევხედოთ.
სკოლებში უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, რომ ცნობიერება ამ კუთხით გაიზარდოს, ოღონდ ის, რომ ყველა ჩართული მხარისთვის ეს ჩვეულებრივ პროცესად აღიქმებოდეს“, – გვიყვება აფხაზავა.
“რეაგირება გვექნება“ – განათლების სამინისტროს პასუხი
ნეტგაზეთი პრობლემის შესახებ დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ ამ კონკრეტულ წიგნზე უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.
“აუცილებლად მოვაგროვებთ ინფორმაციას, თუ რომელ სკოლებში ასწვლიან ამ სახელმძღვანელოთი და შემდგომ შესაბამის ინსტრუქციას დავუგზავნით სკოლებს”, – ამბობს უწყება.
სამინისტროში ამბობენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებას დიდ როლს ანიჭებენ და სწორედ ამ მიზნით მომავალში წიგნების გრიფირება განახლებული კონცეფციით წარიმართება. ეს კონცეფცია ავტორებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ითვალისწინებს. სამინისტრო ამბობს:
“კვლავ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა – ბარიერი 79%-დან გაიზარდა 90%-მდე. თუმცა მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.