საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეჭვქვეშ აყენებს და სიმულაციაზე მიანიშნებს.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უკვე შვიდი თვეა საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ დეკანოზი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან:
“მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა. ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად”, – აცხადებენ საპატრიარქოში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქოს სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან:
“ეს პასუხი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ველოდებოდით პატიმრობაში მყოფისაგან გამოხმაურებას, რაც არ მომხდარა. ა.წ. პირველ ოქტომბერს კი უკვე საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ-ტაიმმა’’ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.’’
ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წერილი, სადაც ისიც აღნიშნავდა, რომ კვლევების შედეგებით დეკანოზის მხრიდან ავადმყოფობის სიმულაციას (მოგონებას) აქვს ადგილი, თუმცა არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ”, – აცხადებენ საპატრიარქოში.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ შემთხვევაში დეკანოზის ოჯახს უფლება აქვს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვოს, თუმცა აღნიშნავენ, რომ თუ სიმულაციის შესახებ შეფასება ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება:
“თუ მამალაძის მხარე ასე მართლაც ფიქრობს, ალბათ, მოითხოვენ მათი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ექსპერტების ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ. მაგრამ თუ აღნიშნული შეფასება სიმულაციის შესახებ ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და მამა გიორგის და მის დამცველთა ქმედება სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება, რაც მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს. ვფიქრობთ, აუცილებელია, ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი”, – აცხადებენ საპატრიარქოში.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.
დაკავებულის ძმა აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.