ახალი ამბები

დარკვეთის მაღაროს ნაწილში სამუშაოები შეჩერდა – რას შეეწირა 29 წლის მაღაროელი?

18 ოქტომბერი, 2019 • 1405
დარკვეთის მაღაროს ნაწილში სამუშაოები შეჩერდა – რას შეეწირა 29 წლის მაღაროელი?

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს იმ უბანზე, სადაც წუხელ 29 წლის მაღაროელი, გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა, დროებით შეწყდა მადნეულის მოპოვების პროცესი. 

ამის შესახებ ნეტგაზეთს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ უთხრა. მისი განმარტებით, სამუშაო პროცესი ამ მონაკვეთზე გამოძიების დასრულებამდე და ვითარების გარკვევამდეა შეწყვეტილი.

17 ოქტომბერს ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. დაღუპულია 29 წლის  გაგა ბოჭორიშვილი. მას ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელ თამაზ დოლაბერიძის განაცხადებით, ერთადერთ მიზეზად, რამაც მაღაროში მომუშავე გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, შრომის არასწორი ორგანიზება შეიძლება დასახელდეს.

“ამაზე რამდენიმე ფაქტორი მიგვანიშნებს. მაგალითად, მებიგის პოზიციაზე მომუშავე ბოჭორიშვილი რატომ მართავდა სატვირთო მანქანას? მართავდა თვითნებურად, თუ  განკარგულება ჰქონდა ვინმესგან მიღებული და ა.შ.”, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო. 

“პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.  ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დოლაბერიძე ეჭვობს, საქმე ხომ არ გვაქვს გაბარიტების დარღვევასთან, რადგან მისი თქმით, ბოჭორიშვილი მანქანასა (რომელსაც ღილაკებით თავად მართავდა) და კედელს შორის მოყვა, რაც შეიძლება სწორედ არასაკმარისი ადგილით ყოფილიყო გამოწვეული. 

“სატვირთო მანქანასა და გვირაბს შორის უნდა იყოს საკმარისი ადგილი. რატომ უნდა მოყვეს ადამიანი, ანუ საკმარისი სივრცეები არ არის?”, – ამბობს დოლაბერიძე.

ჭიათურის მაღაროელთა ადგილობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის, პაატა სამხარაძის მიერ ნეტგაზეთისვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ ადგილზე, სადაც მაღაროელი მანქანასა და კედელს შორის მოყვა, ხე იყო გამოწეული. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რატომ მართავდა სატვირთო მანქანას, როდესაც ეს მის მოვალეობაში არ შედიოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის 17 ოქტომბერს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს მიწისქვეშა უბნის N 2 სანგრევზე მიმდინარეობდა გვირაბის გაყვანის სამუშაოები, კერძოდ, აფეთქებული მასის (მარგანეცის) გამოტანითი სამუშაოები.   გარდაცვლილი მაღაროელი მტვირთავ დანადგარსა და გვირაბის კედელს შორის მოყვა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. 

ჭიათურაში ჩავიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც. ეკატერინე ტიკარაძე ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ჭიათურაში უკვე ჩავიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ახორციელებენ. ამ ეტაპზე მოკვლევას 3 უწყება აწარმოებს.

ადგილობრივი პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დარკვეთის მაღაროში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მებიგეს პოზიციაზე მუშაობდა და მის მოვალეობებში ხის მასალის გადამაგრება შედიოდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი