ახალი ამბები

ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია, შრომის უსაფრთხოება – საერთაშორისო ექსპერტის ანგარიში საქართველოზე

18 ოქტომბერი, 2019 • 1129
ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია, შრომის უსაფრთხოება – საერთაშორისო ექსპერტის ანგარიში საქართველოზე

ქალებზე და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, შრომის უსაფრთხოება – ეს მხოლოდ ნაწილია იმ თემებისა, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონის ანგარიშში შევიდა.

ექსპერტი საქართველოში ჩამოვიდა საქართველოში ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) მოწვევით. ვიზიტის შემდეგ კი ნიკოლსონმა საკუთარ ანგარიშში შეაფასა საქართველოში მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა და მოიცვა 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ძირითადი სფეროები.

ანგარიშშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მისასალმებელი ნაბიჯები გადადგა ეროვნული სტრატეგიის თითქმის ყველა სფეროში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი კვლავ გადასაჭრელია. მიმდინარე სტრატეგიის ვადის დასრულებამდე კი მხოლოდ ერთი წელი რჩება.

პირადი ცხოვრების დაცვა და ინფორმაციის თავისუფლება

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც, ანგარიშის მიხედვით კრიტიკულად რჩება, საქართველოში პირადი ცხოვრების დაცვის უფლებაა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედება და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის დანიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პრობლემების მოგვარებისკენ.

“იმედია, სახელმწიფო ინსპექტორი, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციები იტვირთა, განაგრძობს აუცილებელი რესურსების მოძიებას ამ მიმართულებით წინსვლის შენარჩუნებისთვის“, – წერს საერთაშორისო ექსპერტი.

დოკუმენტის მიხედვით, პირადი ცხოვრების დაცვასთან ერთად, ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეკრების თავისუფლებასან, განსაკუთრებით კი- დემონსტრაციებთან დაკავშირებით, კვლავაც საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.

დოკუმენტის მიხედვით, ამავდროულად, საჭიროა მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების სტატისტიკის შეგროვება და გამოქვეყნება.

“აღსანიშნავია ასევე კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც 2014 წლიდან მზადების პროცესშია და კვლავ არ არის დასრულებული,“

დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რადგან ქმნის ყველა ადამიანის თანასწორობის დაცვის შესაძლებლობას. თუმცა საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, რომ რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.

“ამასთან, შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების და ნაციონალისტების მიერ ეთნიკური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და მესიჯებზე.

იმედია, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს ამგვარი საქმეების უფრო ეფექტურ და დროულ გამოძიებას და დევნას. თუმცა ამ სფეროში ეფექტური ცვლილება იწყება ლიდერებისგან, რომლებმაც საჯაროდ უნდა დაიცვან ტოლერანტობისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპები, განსაკუთრებით LGBTQI თემის წარმომადგენლების მიმართ. LGBTQI პირების დაცვა საჭიროებს კონკრეტულ სტრატეგიასა და სახელმძღვანელო მითითებებს, შესაბამის სანქციებთან ერთად“, – ამბობს მეგი ნიკოლსონი დოკუმენტში.

ბავშვთა უფლებები და არასწულრლოვანთა მართლმსაჯულება

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას ექსპერტი ხაზს უსვამს ბავშვთა უფლებების კოდექსს, რომელიც 2019 წლის სექტემბერში პარლამენტმა მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, მიჩნეულია, რომ კანონი წარმოადგენს ქოლგა-სახელმძღვანელო დოკუმენტს ადგილობრივი ხელისუფლების, სასამართლოსა და საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებისთვის ბავშვებთან დაკავშირებით საკითხებზე მუშაობისას. თუმცა აქვე საერთაშორისო ექსპერტი დასძენს, რომ ბავშვთა უფლებების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ქვეყანაში სიღარიბესთან ბრძოლა.

“კოდექსის არსებობა მისასალმებელი ნაბიჯია, ახლა კი მთელი ძალისხმევა მისი პრაქტიკაში დანერგვისაკენ უნდა მივმართოთ, რათა აღნიშნულმა მოახდინოს საქართველოში ბავშვების ცხოვრებაზე გრძელვადიანი, დადებითი გავლენა. მრავალი ინიციატივის წარმატება, ბავშვების დაცვის თვალსაზრისით, დამოკიდებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე, რომლის მიზანი იქნება სიღარიბის შემცირება, რადგან სწორედ ეს არის ბავშვების მრავალი პრობლემის საფუძველი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ბავშვთა უფლებების კოდექსისა, მეგი ნიკოლსონი თავის ანგარიშში ასევე ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელსაც 2015 წლის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მთავარ მიღწევად აფასებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ ამ სფეროშიც ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები:

“კერძოდ, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობებთან დაკავშრებით. შესაბამისად, საჭიროა არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლების სპეციალიზაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის გაძლიერება, ხოლო ამ ასაკობრივ ჯგუფს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენციას და ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისაგან დაცვას“.

გენდერული თანასწორობა

“რაც შეეხება გენდერული თანასწორობას, საჭიროა უფრო ძლიერი მექანიზმების ამოქმედება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია მეგი ნიკოლსონის ანგარიშში.

საერთაშორისო ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისასალმებელია 2019 წლის თებერვალში მიღებული საკანონმდებლო შესწორება, რომელიც სექსუალური ხასიათის შევიწროებას კრძალავს:

“მისასალმებელია, რომ მეტი ყურადღება ეთმობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის აღმოფხვრისა და ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების ზომებს, კერძოდ კი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ მიმართულებით, რომელიც ასევე მოიცავს ჯარიმების გამკაცრებასა და შემაკავებელი ორდერების გამოყენებას,“

ანგარიშში მოცემული სხვა მიგნებები და რეკომენდაციები:

  • გამჭვირვალე, დემოკრატიული კანონშემოქმედების კულტურის განვითარება, რომელიც დაინტერესებული პირების, განსაკუთრებით სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს მოიცავს, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. კანონპროექტის შედგენისას შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ და ნათლად უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირებს, და ერთიანი ძალებით გადაილახოს ნებისმიერი დაბრკოლება.
  • მოსამართლეების და პროკურორების დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფის საკითხი კვლავაც აქტიურად უნდა განიხილებოდეს.
  • ეროვნულ სტრატეგიის ინსტიტუციური დემოკრატიის სულისკვეთების გათვალისწინებით, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მედიაპლურალიზმის დაცვისაკენ. საქართველომ უფრო მაღალი პოზიცია უნდა დაიკავოს თავისუფალი პრესის რეიტინგში.
  • ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის წახალისება უნდა ხდებოდეს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ კარიერულ სისტემაში, როგორც დაქირავებისას, ისე დაწინაურების ეტაპებზე.
  • შემდგომში ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი მთავრობის როლს ეროვნული სტრატეგიის სხვადასხვა ელემენტების რეალიზაციის პროცესში.
  • სამომავლო სამოქმედო გეგმების ფარგლებში უნდა შემუშავდეს ქვემოთ განხილულ სფეროებთან დაკავშირებული დამატებითი კრეატიული და ინოვაციური საინფორმაციო პროგრამები, განსაკუთრებით -რეგიონებში.

ვრცლად ანგარიში ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.