ახალი ამბებისაზოგადოება

რა ვიცით პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შესახებ?

18 ოქტომბერი, 2019 •
რა ვიცით პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შესახებ?

გაიხსენე შენი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე. რა ხდება? რას აკეთებ? რა გახარებს ყველაზე მეტად? რა გაბრაზებს? რა იწვევს შენში სტრესს?

თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა სავსეა ისეთი მოვლენებით, რომლებიც ჩვენზე ზემოქმედებს. ესაა ქალაქის ხმაური, დილის ან დღის რუტინა, დაძაბულობა სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში ან მეგობრებთან. ხშირად მოულოდნელად წარმატებას ვაღწევთ, ვემზადებით ცვლილებებითვის, რაც ასევე, დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და ცნობილია, როგორც დადებითი მოვლენებით გამოწვეული სტრესი. ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გაცილებით მძიმე მოვლენების გადატანა მოგვიწიოს, როგორიცაა ცხოვრება ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ბავშვობაში გადატანილი ძალადობა, პარტნიორის მხრიდან ძალადობა. შესაძლოა ისეთი მოვლენების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორიცაა წყალდიდობა, მიწისძვრა ან ომი, ტერორისტული აქტი, გენოციდი.

ბევრი ჩვენგანი ზოგჯერ თავადვე უმკლავდება სტრესით გამოწვეულ მდგომარეობას. ეს გამოცდილება ხელს უწყობს პიროვნულად გაიზარდოს და განვითარდეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გარემოში არსებული მოვლენები იმდენად ძლიერია, რომ მასთან დამოუკიდებლად გამკლავება გვიძნელდება, ამ დროს კი გვჭირდება ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს, ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ან როგორ მოვიძიოთ შესაბამისი პროფესიული დახმარება?!

წარმოდგენილი მდგომარეობის აღწერა ეყრდნობა “ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოს”; მე-5 გამოცემა (dsm-5)

რა არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა)?

პტსა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და თავს იჩენს იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩნენ მძიმე, მატრავმირებელ და სიცოცხლისთვის საშიშ მოვლენას, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ომი, ტერორისტული აქტი ან ძალადობა, რომელიც ემუქრებოდა ადამიანის ან მისი ახლობლების სიცოცხლეს და გამოიხატება ძლიერ ემოციურ დისტრესში.

რამ შეიძლება გამოიწვიოს პტსა?

[checklist]

  • ბავშვთა მიმართ ძალადობამ;
  • საკუთარი ან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულმა პრობლემებმა; ახლობელი ადამიანის გარდაცვალებამ ან დაკარგვამ;
  • ფიზიკურმა ან სექსუალურმა ძალადობამ და თავდასხმამ;
  • წამების გამოცდლებამ;
  • შვილთან დაკავშირებულმა გადაულახავმა პრობლემებმა, როგორიცაა გარდაცვალება, დაკარგვა, მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაავადების დიაგნოზი;
  • უბედურმა შემთხვევამ (ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა, ავიაკატასტროფა);
  • ბუნებრივმა კატასტროფამ (წყალდიდობა, მიწისძვრა, ცუნამი და ა.შ.);
  • ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობამ (გატაცება, სხვა ადამიანის სიკვდილის ნახვა, სხვა ადამიანის მოკვლა, გარდაცვლილი ადამიანების სხეულების ნახვა);
  • ორგანიზებულ ძალადობას დაქვემდებარებამ (გატაცება, დევნილობა);
  • ომმა, გენოციდმა, ტერორისტულმა აქტმა.
  • პტსა შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. პტსა-ს მკურნალობა შესაძლებელია.

[/checklist]

რამდენად გავრცელებულია პტსა?

პტსა, დეპრესიასა და შფოთვით აშლილობასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საშუალო შემოსავლების ქვეყნებში (მათ შორის საქართველოც) პტსა-ს გავრცელება 2.1-2.3 პროცენტია. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით, საშუალოდ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის 86 000 ადამიანს პტსა აქვს. პტსა-ს გავრცელების კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომაც შეუძლებელია ზუსტი მაჩვენებლის მოძიება, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ გავრცელების მაჩვენებელი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებით ადგილნაცვალი პირია, რაც პტსა-ს აღმოცენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია.

როგორ ამოვიცნოთ პტსა?

თუკი ამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

[checklist]

  • მოვლენის ხელახალი განცდა აწმყოში – განმეორებითი, უნებლიე აზრები, რომლებიც უკავშირდება მატრავმირებელ მოვლენას, ღამის კოშმარები, ფლეშბექები (მოვლენის შემოჭრები მეხსიერებაში), რომლებიც იმდენად ცოცხალია, რომ თითქოს ხელახლა განვიცდით იმავე მატრავმირებელ მოვლენას. ყოველივე ამას მოსდევს ძლიერი ნეგატიური ემოციები, შიში, საშინელების განცდა;
  • ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებული ნივთების, საგნების, ადგილების, ადამიანების თავიდან არიდება – ვცდილობთ განვერიდოთ ყველა იმ აქტივობას, საგანს თუ ადამიანს, რომელიც გვახსენებს ტრავმულ მოვლენას, თავს ვარიდებთ ტრავმული მოვლენის გახსენებასა და მასზე საუბარს;
  • საფრთხის მუდმივი აღქმა – მაღალი აგზნებადობა, გაღიზიანებული გუნებ-განწყობა, უეცრად გაბრაზება, აფეთქება, ძილისა და კონცენტრაციის პრობლემები, მცირე ხმაურიც კი შემაშინებელია;
  • უარყოფითი აზრები და გრძნობები, საკუთარი თავის ან კაცობრიობის რწმენის დაკარგვა („მე ცუდი ადამიანი ვარ“, „სამყარო ბოროტია“); შიშის, საშინელების განცდა, ბრაზი, ბრალეულობის განცდა, სირცხვილი. ინტერესის დაკარგვა იმ აქტივობების და მოვლენების მიმართ, რომლე-ბიც ტრავმულ მოვლენამდე საინტერესო და სახალისო იყო; ახლობელ ადამიანებთან კავშირის დაკარგვის და გაუცხოების განცდა, თითქოს ისინი მაინც ვერ გაიგებენ ჩვენს განცდებს და აზრიც არ აქვს მათთვის გაზიარებას.
  • იმისათვის, რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობაა თუ არა, მნიშვნელოვანია ოთხივე კატეგორიის სიმპტომები მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მაინც იჩენდეს თავს და ხელს გვიშლიდეს ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.
  •  [/checklist]

ვის შეიძლება განუვითარდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა?

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმეტესობა განიცდის მატრავმირებელ მოვლენას, ყველას არ უვითარდება ეს მდგომარეობა. ამას კი შესაძლოა ბევრი მიზეზი განაპირობებდეს. ყველაზე გავრცელებული კი რისკისა და დამცავი შემდეგი ფაქტორებია:

  1. სოციალური მხარდაჭერა – მისი არსებობა ან არარსებობა იმის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს, თუ რამდენად განვითარდება პტსა. კვლევები ცხადყოფს, რომ თუკი ადამიანის მიერ გადატანილ ტრავმულ მოვლენას აღიარებს საზოგადოება და მხარს უჭერს მას, მის დანაკარგს თუ გადატანილი მოვლენის სიმძიმეს, ერთ-ერთი დამხმარე და დამცავი ფაქტორია. გარდა ამისა, კავშირის შენარჩუნება ახლობელ ადამიანებთან, მათთან საუბარი, საკუთარი განცდების გაზიარება, ასევე, დამხმარე როლს ასრულებს.
  2. სოციალური და პიროვნული მოწყვლადობები – გარკვეული სოციო-ეკონომიკური ფაქტორები ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად განვითარდება პტსა. დაბალი შემოსავალი, წარსულში ტრავმული გამოცდილება, სხვა ფსიქიკური აშლილობის გამოცდილება ან ცხოვრება მუდმივი სტრესის ზემოქმედების ქვეშ – რისკფაქტორებს წარმოადგენს.

მეორე მხრივ, საკუთარი თავის მოწონება, საკუთარი ქცევებით კმაყოფილება ან საზრისის მიცემა ტრავმული მოვლენისთვის, დამხმარე და დამცავი ფაქტორია.

როგორ მოვიქცეთ, თუკი პტსა-ს სიმპტომები აღმოაჩნდა ჩვენს მეგობარს ან ახლობელს?

[checklist]

  • შევთავაზოთ ემოციური მხარდაჭერა, გავუგოთ მას და გავამხნევოთ; დასტურდება, რომ პტსა არ უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთა ტრავმასაც გარშემომყოფები აღიარებენ და თანამგრძნობნი არიან პიროვნების დანაკარგის მიმართ;
  • შევიმეცნოთ უფრო მეტი პტსა-ზე, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რას განიცდის ჩვენი მეგობარი; მოვუსმინოთ მას და ყურადღება მივაქციოთ მის ემოციებს და სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება გაამწვავოს პტსა-ს სიმპტომები;
  • შევთავაზოთ ერთად გასეირნება, ქალაქგარეთ წასვლა ან სხვა აქტივობები;
  • შევახსენოთ, რომ დროსთან და მკურნალობასთან ერთად, ის აუცილებლად გახდება უკეთ; არასდროს დავაიგნოროთ მისი ფრაზები სიკვდილთან ან სიკვდილის სურვილთან დაკავშირებით – ვესაუბროთ მას ამის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში ვურჩიოთ მიმართოს სპეციალისტს ან სპეციალიზებულ სერვისს, რათა პროფესიული დახმარების მეშვეობით გაუმკლავდეს მის მდგომარეობას.

[/checklist]

როგორ მოვიქცეთ, თუკი პტსა სიმპტომები აღმოგვაჩნდა ჩვენ?

იმ შემთხვევაში, თუკი შეამჩნიეთ ზემოთ აღწერილი სიმპტომები საკუთარ თავს, შეგიძლიათ სცადოთ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ მას თვითდახმარების შემდეგი სტრატეგიების მეშვეობით:

ჩემი უსუსურობის განცდა დაძლევადია– ტრავმული მოვლენა თავზარდაცემულს გვტოვებს თავისი მოულოდნელობით და გამანადგურებელი ძალით, ხშირად ეჭვი გვეპარება, რომ შეგვიძლია საკუთარ ცხოვრებასა და სხვა მოვლენებზე კონტროლი დავიბრუნოთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანში არის ძალა, რომელიც მძიმე მოვლენებს გადაგვატანინებს, როგორც „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი პერსონაჟი – ბერიკ დონდერიონი იტყვის: „იმისთვის არ გადავურჩენივართ სინათლის ღმერთს, რომ აქ გავიყინოთ და მოვკვდეთ“. კვლევები ადასტურებს, რომ ტრავმული მოვლენა ისეთი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომლის შედეგად ადამიანი სწავლობს, ვითარდება, პიროვნულად იზრდება, გარკვეულ ახლებურ საზრისს სძენს თავის ცხოვრებას. იმისთვის, რომ ხელახლა დავრწმუნდეთ საკუთარ ძალებში, მნიშვნელოვანია სხვას გავუწოდოთ დახმარების ხელი, რაიმე კარგი გავაკეთოთ ჩვენი სამეზობლოსთვის, საზოგადოებისთვის სასიკეთო პატარა საქმე გავაკეთოთ, უსასყიდლოდ და მოხალისეობრივად სხვას დავეხმაროთ. ყოველივე ეს დაგვეხმარება გავუმკლავდეთ ჩვენს უსუსურობის განცდას და დავიბრუნოთ საკუთარი უნარებისა და ძლიერი მხარეების რწმენა.

ვიყოთ კავშირზე სხვა ადამიანებთან – პტსა-ს დროს ხშირად ვკარგავთ კავშირს ახლობლებთან, თითქოს აღარაფერი გვაქვს საერთო, მაგრამ საჭიროა კავშირის შენარჩუნება იმ ადამიანებთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვართ. არ არის აუცილებელი ტრავმულ მოვლენაზე საუბარი, მნიშვნელოვანია საუბარი და ემოციური კავშირის არსებობა, ადამიანების არსებობა, ვინც მოისმენს ჩვენს მონაყოლს განსჯისა და კრიტიკის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ღია სხვის მიერ შემოთავაზებული დახმარების მიღებისთვის.

შევინარჩუნოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი – კარგი ძილი, მოდუნება, ღრმად სუნთქვა, იოგა, ჯანსაღი კვება, ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებებისთვის თავის არიდება, ყოველივე ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხელშეწყობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რაც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონის) აქტიურ გამოყოფასა და განწყობის ამაღლებაში. რიტმული სავარჯიშო მოძრაობები, ლაშქრობა, ცურვა, ცეკვა, სირბილი, ველოსიპედით თუ ფეხით სეირნობა, ბუნებაში მეტი დროის გატარება, ხეებთან, ბალახთან შეხება გვეხმარება გავუმკლავდეთ სტრესსა და ტრავმულ გამოცდილებას. იოგა, ღრმა სუნთქვის სავარჯიშოები, კუნთების დაძაბვისა და მოდუნების სავარჯიშოები, დაგვეხმარება პტსა სიმპტომებთან გამკლავებაში.

თუკი აღწერილი ტექნიკები საკმარისი არ არის და პტსა-ს სიმპტომებთან გამკლავება კვლავ რთულია, მნიშვნელოვანია პროფესიული დახმარების დროული მოძიება. პტსა-ს მკურნალობის მაღალი ეფექტურობის მქონე მეთოდებია: ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ექსპოზიციის თერაპია, ოჯახური თერაპია, EMDR (თვალის მოძრაობით დესენსიტიზაცია და გადამუშავება), ამ და სხვა სახის თერაპიის მიღება შესაძლებელია შემდეგ სერვისებში:

[checklist]

  • კლუბი სინერგია
  • GCRT
  • ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი
  • საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი
  • საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი
  • თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახური (თბილისი კის)

[/checklist]


ტექსტი მომზადებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციის მიერ.  იდეის ავტორები: ელენე ქორიძე; თამთა ჭელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი