ახალი ამბები

USAID საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მხარდასაჭერად $14 მილიონს გამოყოფს

18 ოქტომბერი, 2019 •
USAID საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მხარდასაჭერად $14 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში 2020-2021 წლის არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო პროცესების მხარდასაჭერად, 14 მლნ აშშ დოლარი გამოყო. 

ოთხწლიანი პროგრამა საარჩერვნო პროცესებში ჩართულობასა და ზოგადად მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკური პრცესების მხარდაჭერას გულისხმობს.  

პროგრამის ფარგლებში ცხრა არასამთავრბო ორგანიზაცია დაფინანსდება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამ პროექტის ფარგლებში 0.5 მლნ აშშ დოლარს მიიღებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში საარჩევნო დავების მონიტორინგი გაგრძელდება:

“ჩვენ შევაფასებთ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც არჩევნებს შეეხება. ასევე შევაფასებთ პოლიტიკოსების ქმედებებს, თუ მათ გავლენა ექნებათ საარჩევნო პროცესზე. გვექნება კიდევ ერთი კომპონენტი, რაც საარჩევნო დავების მონიტორინგს გულისხმობს. საუბარია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ წარმოებულ საარჩევნო დავებზე.”

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც” (ISFED). ამ შემთხვევაში USAID-ის დაფინასება 2020-2021 წლებში არჩევნების დღის მონიტორინგს მოიცავს. ამას გარდა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ამბობს, საარჩევნო პერიოდში ორგანიზაცია სოციალურ მედისაც დააკვირდება. სამი წლის განმავლობაში ISFED პროექტისგან დაახლოებით 1.5 მლნ აშშ დოლარს მიიღებს. 

“ამ შემთხვევაში სოციალური მედიის მონიტორინგი Facebook-ზე დისკდერიტაციული კამპანიის დაკვირვებას მოიცავს. ასევე დავაკვირდებით საარჩევნო სუბიექტების სოციალურ ქსელში ქცევას და რამდენად იცავენ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ წესებს”,-ამბობს ბენიძე.

“მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრა კალატოზიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნო პერიოდში უშუალოდ ამომრჩევლებთან იმუშავებენ. საუბარია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, სადაც, როგორც კალატოზიშვილი გვეუბნება, მოსახლეობის მხრიდან არჩევნების მიმართ უნდობლობა მაღალია. “მრავალეროვანი საქართველოს” შემთხვევაში მიღებული დაფინანსება  2020-2021 წლების არჩევნების დღის დაკვირვებასაც გულისხმობს. 

“არჩევნებზე ინფორმაციის მიწოდება მოხდება შედარებით კრეატიული მეთოდებით, როგორიც არის, მაგალითად, მიკროავტობუსებში [რეგიონების] ვიდეორგოლების განთავსება. ამ ფორმით ვეცდებით მათ მივაწოდოთ  მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს მხოლოდ პროცედურებს არ შეეხება, არამედ არჩევნების მნიშვნელობას. როგორც გითხარით, იქ ხალხი ფიქრობს, რომ მისი ხმა არაფერს წყვეტს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაცია ამის დაძლევას ცდილობს. 

საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების დაფინანებასა და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შეისწავლის. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, სამი წლის განმავლობაში პროექტიდან დაახლოებით 250 ათასი დოლარით დაფინანსდებიან.

“ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევისწავლით, რამდენად გამოიყენეს საარჩევნო მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსი და პარტიების დაფინანასების საკითხს. ეს არის ორი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ. წინსაარჩევნო პერიოდში ჩვენ ამ საკითხებზე დაკვირვებას დიდი ხანია ვახორციელებთ და წელს USAID-მა ეს პროექტი 2020-2021  წლების ჩათვლით გაგვიგრძელა”, – აცხადებს ნატროშვილი.

როგორც საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვებლერი ამბობს, ეს არის საარჩევნო პროცესების მხარდაჭერის ყველაზე მასშტაბური პროგრამა, რომელზეც ამერიკული მხარე 14 მლნ აშშ დოლარს ხარჯავს. მისივე თქმით, პროგრამის კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ორგანიზაციების მეშვეობით საზოგადოების ჩართვა ხდება საარჩევნო პროცესში. როგორც ვებლერი ამბობს, გასულ წლებში USAID ძირითადად მუშაობდა პოლიტიკურ პარტიებთან თუ საარჩევნო ადმინისტრაციასთან. 

“2020 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სრულად პროპორციული სისტემით ტარდება. თუმცა, როგორც ვიცით, საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულია, კონსტიტუციაში ცვლილება ჯერ არ შესულა, თუმცა პროცესები მიმდინარეობს. თუ ეს ცვლილებები დამტკიცდა, საქართველოში სრულიად პროპორციული წესით ჩატარდება არჩევნები. ნათლად ჩანს, რომ ქვეყნაში პოლიტიკური პოლარიზაციაა და ამაზე თავად პოლიტიკური სპექტრიც საუბრობს. ვიმედოვნებთ, 2020 წლის არჩევნები იქნება შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოინახოს კომპრომისი”, – უთხრა ნეტგაზეთს ვებლერმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი