ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სახალხო დამცველზე დაყრდნობით წერს, რომ ომბუდსმენმა ქალის მიმართ დირექტორის მხრიდან სექსუალური შევიწროება აღიარა.
საია წერს, რომ ორგანიზაცია იცავდა ქალს, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის პერიოდში ერთ-ერთი დირექტორის/ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
“საიას დახმარებით მან სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით სახალხო დამცველს 2018 წლის აპრილში მიმართა. მსხვერპლმა წარდგენილ საჩივარში ასევე მიუთითა, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინა ორგანიზაციის დირექტორს, თუმცა მან მომხდარ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
საიას თქმით, 2019 წლის 16 ოქტომბერს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მართლაც იყო სექსუალური შევიწროება გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციით.
რეკომენდაციის მიღებისას სახალხო დამცველი დაეყრდნო მხარეთა გამოკითხვას და სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებულ ინფორმაციას და აუდიოჩანაწერებს, რომლის საფუძველზეც დადგინა, რომ პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, მსხვერპლის მიმართ ადგილი ჰქონდა არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.
“სახალხო დამცველმა ფიზიკურ პირს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განახორციელა, მიმართა რეკომენდაციით, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო“, – ამბობს საია.
საიას ინფორმაციით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა დამსაქმებელ ორგანიზაციას, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.