ახალი ამბები

ომბუდსმენმა განსხვავებული მოსაზრებისთვის “იმედის” მიერ სტეფნაძის დისკრიმინაცია დაადგინა

18 ოქტომბერი, 2019 • 1132
ომბუდსმენმა განსხვავებული მოსაზრებისთვის “იმედის” მიერ სტეფნაძის დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა. საქმე ეხება გია ჯაჯანიძის პროდიუსერისა და შუადღის შოუს ერთ-ერთი წამყვანის, მაია სტეფნაძის სამსახურიდან გათავისუფლებას.

“V. T. დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას, რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია გიკავიათ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს უგუნურ და დამღუპველ პოლიტიკასთან დაკავშირებით და გვაძლევთ საშუალებას, პირდაპირ ეთერში ვნახოთ”,  – იმ დროს “იმედის” პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ ეს სტატუსი ტელეკომპანია “პირველს” და მის მფლობელ ვატო წერეთელს მიუძღვნა.

ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, 2019 წლის 24 აპრილს, ტელეკომპანია”იმედმა” და მაია სტეფნაძემ ურთიერთეთანხმების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება გააუქმეს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს, 18 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ფაქტი შეეხებოდა მაია სტეფნაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომელიც კომპანიამ კორპორატიული ინტერესის დარღვევად მიიჩნია და შრომითი ურთიერთობა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რისი ინიციატორიც ტელეკომპანია „იმედი“ იყო.

“იმედის” განმარტებით, გამოქვეყნებული სტატუსით სტეფნაძემ დაარღვია კორპორატიული კულტურის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი და ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. სახალხო დამცველის ცნობით, მსგავსი პრინციპი კომპანიის შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული არ არის.

“საქმის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს ყოველმხრივ არ შეუსწავლია, განმცხადებლის მიერ საჯარო განცხადების გამოქვეყნებით რამდენად შეილახა კომპანიის კორპორატიული ინტერესი და რა სახის და სიმძიმის რეპუტაციული თუ ფინანსური ზიანი მიადგა ტელეკომპანიას. ამასთან, არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების გავრცელების მასშტაბი, რაც გადამწყვეტი იქნებოდა იმის საზომად, გამოიწვია თუ არა საზოგადოების ფართო მასებში ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ნდობის შემცირება, რასაც ყურებადობის დაბალი მაჩვენებელი მოჰყვებოდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის დასრულების ფორმალურად სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ გამორიცხავს რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას. ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული განცხადება, კონტექსტის გათვალისწინების პირობებშიც კი, დასაშვები კრიტიკის ფარგლებს არ გასცდენია და არ შეიცავდა გამოხატვის ისეთ ფორმას, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური ზომის გამოყენებას გაამართლებდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლის მიერ გამოხატული მოსაზრების გამო მოხდა მისი შრომით უფლების შეზღუდვა, რომელიც არ იყოს მოპასუხე მხარის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ტელეკომპანიას, შეიმუშაოს კორპორატიული ინტერესების დაცვისა და დარღვევის საკითხთან დაკავშირებული განჭვრეტადი დებულებები, მათ შორის, განსაზღვროს კორპორატიული ინტერესის დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლისა და რეაგირების მექანიზმი.


პანკისში ჰესების წინააღმდე გამოსულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებებზე მაია სტეფნაძემ “ფეისბუქზე” რამდენიმე პოსტი დაწერა. ის ხელისუფლების ქმედებებს ძალადობად აფასებდა და ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს, ნათია თურნავას აკრიტიკებდა. პროდიუსერი ასევე მადლობას უხდიდა “TV პირველის” მფლობელს, ვახტანგ (ვატო) წერეთელსა და უშუალოდ ტელევიზიას, ხეობაში განვითარებული მოვლენების გაშუქებისა და “სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის”.

სტეფნაძის თქმით, პოსტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “იმედის” დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა, რის მიზეზადაც ზემოაღნიშნული სტატუსები დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი