ახალი ამბები

პანკისის ხეობის მოსახლეობა სირიაში წასული ორი ახალგაზრდის დაბრუნებას ითხოვს

6 აპრილი, 2015 •
პანკისის ხეობის მოსახლეობა სირიაში წასული ორი ახალგაზრდის დაბრუნებას ითხოვს

“მთელი ხეობის მოსახლეობა მოუწოდებს უშიშროებას, კონტრდაზვერვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დააბრუნონ ეს ორი ახალგაზრდა”, – აცხადებს სოფელ დუისის გამგებლის წარმომადგენელი რამაზა მარგოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მარგოშვილის თქმით, უხუცესები და ხეობის მთელი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს კონტროლი, რათა აღარ მოხდეს ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში წასვლა.


16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი 2 აპრილს გადაკვეთეს. მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდები სირიაში საომრად გაემგზავრნენ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ  2 აპრილს ორმა პირმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, საქართველოს საზღვარი  გადაკვეთა. არასრულწლოვანმა საზღვრის გადაკვეთა პოლიციელის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეძლო, რასაც, უწყების ინფორმაციით, გენერალური ინსპექცია გამოიძიებს.


შსს-ში აცხადებენ, რომ მათ საქართველო საჰაერო გზით თბილისიდან დატოვეს. უწყების ინფორმაციითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთში კოლეგა უწყებას დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რათა პირების ადგილსამყოფელის დადგენა დროულად მოხდეს.

 

სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ სირიაში ახალი ნაკადების გადინება არ ხდება.

 

“ამ ადამიანებმა, ზოგმა მათგანმა ტერიტორია დატოვა 2-3 წლის წინ, ზოგმა 4 წლის წინ დატოვა ეს ტერიტორია. ისინი სად გადაადგილდებიან, ამის კონტროლი აქედან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ კი არა, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ამერიკა  ვერ აკონტროლებენ ადამიანების მოძრაობას. როგორ შევზღუდოთ ჩვენ ადამიანების მოძრაობა? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოქალაქეებს გადაადგილება? ეს ასე არ ხდება, ასე მარტივი არ არის და, მით უმეტეს, ამ ადამიანების უმრავლესობამ უკვე დატოვა ტერიტორია და არ ხდება, ასე ვთქვათ, ახალი ნაკადების გადინება”, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი