Fresh News-ის მტკიცებით, მის მიერ გადაღებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროში კვლავ მუშაობს და მას მანქანა “ტოიოტა ლენდ კრუიზერი”, სანომრე ნიშნით CSC-254 ემსახურება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვალერიან ზუმბაძემ, მას შემდეგ, რაც გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და ავტომატურად გადავიდა კადრების განკარგულებაში, შესაძლებელია, რამდენჯერმე იმყოფებოდა სამინისტროში, რაც უკავშირდებოდა მისი ფუნქცია-მოვალეობების გადაბარების პროცესს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვალერიან ზუმბაძე ამჟამად არ სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილით, ხოლო ავტომობილი CSC-254 თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომელს ემსახურება.
fresh news-მა ასევე გაავრცელა კადრები, თუ როგორ იცავს მინისტრ ჯანელიძის ოჯახს ორი პირი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მანქნაით გადაადგილდებიან.
სამინისტრო ამაზე პასუხობს, რომ ოჯახს არ ემსახურება არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვა და არც დაცვის რომელიმე სხვა სამსახური.
“თავად თავდაცვის მინისტრის დაცვას უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც პარალელურად, არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მინისტრის ოჯახის წევრების ადგილსამყოფელისა და მონახულების ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
ვალერიან ზუმბაძეს თავდაცვის სამინიტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა 2015 წლის 10 თებერვლამდე ეკავა. იგი ამბობდა, რომ ამის მიზეზი მის წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელება იყო.
ჯაშუშობისთვის დაკავებულმა და პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ ვალერი ზუმბაძე დაადანაშაულა იმაში, რომ წინა ხელისუფლების დროს იგი მუშაობდა “ენვერის”, ფოტორეპორტიორებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეებზე, როგორც მაშინდელი შსს-ს წარმომადგენელი.
მსგავსი ბრალდება მას საიხან მუზაევმა წაუყენა, რომელიც აცხადებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო მას პოლიცია დღემდე დევნის. მათივე განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაწინაურდა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, რომელიც მანამდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნა.