ახალი ამბები

უდესიანის თქმით, იგი თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფს მეთაურობდა

6 აპრილი, 2015 •
უდესიანის თქმით, იგი თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფს მეთაურობდა

“თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალურად არსებული ეროვნული გვარდიის ბაზაზე იქმნებოდა ოფიციალური დანაყოფები. საიდუმლო ბრძანებით ამ დანაყოფში შედიოდა 400-450 კაცი. ყველა იყო ავღანეთ-ერაყ-კოსოვო გავლილი კონტინგენტი, ვეტერანები. ეს კეთდებოდა ძალიან ჩუმად. გამომდინარე იქიდან, რომ აგრესორი 20-30 კილომეტრში დგას ჩვენი დედაქალაქიდან, ამ დანაყოფს ჰქონდა თავისი დანიშნულება. ამ დანაყოფს ჰქონდა ძალიან სერიოზული შეიარაღება. ეს დანაყოფი გადიოდა მომზადებას ერთ-ერთ ბაზაზე. მას ამზადებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების ინსტრუქტორები. მეთაური ვიყავი მე. ამ დანაყოფის 80% იყო სამაჩაბლოდან, იყო ყველა სახლკარდამწვარი, იყო მოტივირებული, ღირსეული ქართველი ვაჟკაცი. მისი ფუნქცია იყო, მტრის შემოსვლის დროს ჩვენს საჯარისო ბრიგადებთან ერთად ემოქმედა. ეწარმოებინა პარტიზანული ბრძოლები, ქუჩის ბრძოლები და დივერსიული საქმიანობა. რა გინდოდათ, გამოვსულიყავი და საიდუმლო ინფორმაცია, არა, ბატონო, ეს არ არიან ზონდერები, ეს მზადდება, ეს დანიშნულება აქვს, საცავი აქ არის, იარაღი აქ არის, კამერები მიმართული, DVR-ები ჩართული და ეს ყველაფერი მელაპარაკა?”, – ამბობს უდესიანი. 

 

უდესიანის თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 250-300 კაცი პროკურატურაში, სამხედრო პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთხელ დაიბარეს, რადგან მის წინააღმდეგ კომპრომატებს ეძებდნენ. მათ ეკითხებოდნენ, ხომ არ სცემდა  უდესიანი ვარჯიშების დროს.

 

28 მარტს თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს ესროლეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხარძიანის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს დავა ქონდა. ხიდაშელმა განაცხადა, რომ უდესიანი სხვადასხვა დანაშაულებში ნაციონალური მოძრაობის “ლეგიტიმური წარმომადგენელი” იყო.  

 

ხარძიანის ოჯახის ახლობელმა ირაკლი კორძაიამ “იმედის” ეთერში სტუმრობისას უდესიანის გარდა ლაშა ნაცვლიშვილისა და ჯანყარაშვილი გვარები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს აყოვნებდნენ:

 

“2012 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს დაუბრონდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია, ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარები. ეს გვარები არის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნეს–ინტერესები ბატონ უდესიანთან,”– თქვა ირაკლი კორძაიამ.

 

გია უდესიანი
გია უდესიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი