ახალი ამბები

ზალკალიანის თქმით, ლავროვთან შეხვედრამდე ივანიშვილთან კონსულტაცია არ გაუვლია

17 ოქტომბერი, 2019 • 1044
ზალკალიანის თქმით, ლავროვთან შეხვედრამდე ივანიშვილთან კონსულტაცია არ გაუვლია

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღესაც ფიქრობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა “იყო სწორი, დროული და აუცილებელი გადაწყვეტილება”.

ამის შესახებ ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში წარდგა. ამასთან, ზალკალიანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეხვედრა შვეიცარიული მხარის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ზალკალიანს კითხვები დაუსვეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კითხვები აქვთ არა მსგავსი შეხვედრების საჭიროების შესახებ, არამედ იმაზე, თუ რატომ არ იყო ქართული საზოგადოება ინფორმირებული შეხვედრის შესახებ წინასწარ და რატომ დაასწრო მოსკოვმა თბილისს “ნარატივის შექმნა”.

“საიდან მოიგონეთ, რომ გაგაკრიტიკათ ვინმემ შეხვედრის გამო? ოღონდ რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც თითქოს დამნაშავეები არა ხართ? ან შეხვედრის შემდეგ რუსეთისთვის არ მიგეცათ საშუალება, დაესწრო ნარატივის შექმნა”, – მიმართა ზალკალიანს “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.

დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრის მთავარი მოტივაცია იყო ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც “ბორდერიზაციის” კუთხით შეიქმნა.

“არ ვიცი, რატომ არის განცდა, რომ ჩვენ თავის მართლების რეჟიმში ვართ – არამც და არამც. სრულად ვართ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების სისწორეში და კიდევ რომ უკან დავბრუნდე, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მოლოდინი იყო, რომ რუსეთის ფედერაციისთვის გვეთქვა ყველა საკითხი გულწრფელად”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იყო სწორედ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემა. ასევე, საუბარი შეეხო მოლაპარაკებების ფორმატებს და აღინიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის არანაირი ცვლილება არ განხორციელდება; მინისტრი ასევე ადასტურებს, რომ საუბარი იყო ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ზალკალიანის თქმით, მიუღებელია სპეკულაცია, რომ შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო გაცხადებული.

“გაეროში ვიზიტის დაწყებისთანავე ყველა კომუნიკაციაში საზოგადოებასთან ღიად ვაცხადებდით, რომ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარების დეესკალაციისთვის. შეხვედრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ჩემ მიერ წინა დღით იყო გაჟღერებული მედიისთვის მიცემულ კომენტარში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ვისთან კონსულტაციით მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან შეხვედრის გადაწყვეტილება და ესაუბრა თუ არა მანამდე ბიძინა ივანიშვილს.

“მსგავსი შეხვედრა შეიძლება, თუ რამე ხელშესახები გარღვევის მოლოდინია. თქვენ შეხვედრიდან გამოხვედით დაცინული, მასხრად აგდებული, ასევე, რუსეთის მხრიდან ითქვა, რომ არანაირი განხილვა ოკუპაციის თემის არ იგეგმება. ამის მერე აბაშიძე ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები. ან რაზე ილაპარაკეთ, ან  რაზე უნდა გააგრძელოთ?”, – განაცხადა სამადაშვილმა.

დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრის შესახებ კონსულტაცია ოპერატიულ რეჟიმში ჰქონდა უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან. ასევე, საქმის კურსში იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.

“ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მქონია. ბოლოს, თუ არ ვცდები, მაისში ან ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია ბატონ ბიძინასთან, მით უმეტეს, ამ თემაზე. უფრო მეტიც,  ის ალბათ ჩვენი შეხვედრის შესახებ დეტალებს ჩემი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია შეხვედრის შესახებ, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია]”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი