ახალი ამბები

იზორია: პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ასკეტურად ცხოვრობს, რაც მის დაჭერას ართულებს

5 აპრილი, 2015 •
იზორია: პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ასკეტურად ცხოვრობს, რაც მის დაჭერას ართულებს

“საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, ძალიან პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა. მე არ მინდა ახლა დეტალები გავაჟღერო, შესაბამისად, დადგენა, სად იმყოფება, როგორ გადაადგილდება, სხვა პიროვნებებისგან და სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით რთულია თუმცა, როგორც გითხარით, მთელი სისტემა არის მობილიზებული და ახლო მომავალში კონკრეტული შედეგები გვექნება”, – განაცხადა ლევან იზორიამ გადაცემა “იმედის კვირის” ეთერით.

 

ლევან იზორიას განცხადებით, სამძებრო მოქმედებების მიმდინარეობის დროს, 5 აპრილს, დილის 6 საათზე პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა  მოქალაქემ, რომელიც სავარაუდოდ იგივე პიროვნება იყო, რომელმაც 4 აპრილს მოკლა ერთი პოლიციელი, ხოლო მეორე დაჭრა.

 

“დილის 6 საათზე პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა შენიღბული ფორმით, იქნა პოლიციელების მიერ შეჩერებული. აქ ჰქონდა ადგილი ორმხრივ სროლას. თუმცა შეძლო და მიიმალა. ნივთმტკიცებები იქნა ამოღებული, მათ შორის ჩატარდა მასრების ექსპერტიზა. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა. ბორჯომში ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. პოლიციელებმა ამ ძებნილი ადამიანის შეჩერება სცადეს, მაშინაც ამ პიროვნებამ ესროლა პოლიციელს და სამწუხარო შედეგი დადგა. ყველა ეს შემთხვევა და ამ შემთხვებებიდან ამოღებული მასრების ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა. ჩვენ ვიცით ბრალდებულის ვინაობა”, – განაცხადა იზორიამ გადაცემა “იმედის კვირის” ეთერით.

 

შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსა.

 

ბექა მარგიშვილი გუშინ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გაფრინდაშვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. სავარაუდო თავდამსხმელის მოსაძებნად პოლიცია სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.

ლევან იზორია
ლევან იზორია

მასალების გადაბეჭდვის წესი