“ეს ბავშვები არაფრით არ გამოირჩეოდნენ სასწავლო პროცესის დროს სხვა ბავშვებისგან, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას თავის დროზე არ იმსახურებდნენ. ძალიან სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ, რასაც ძალიან ინტენსიურად ვაკეთებთ ისედაც. ასევე გააქტიურდნენ ის ორგანოები, რომლებიც ნამდვილად მოახდენენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი არამართებული და არამართლზომიერი მიდგომებით, რომ ბავშვებმა მიიღონ გადაწყვეტილება”, – ამბობს მინისტრი.
4 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი დღეა პანკისის ხეობაში ორ ბავშვს, სკოლის მე–11 და მე–10 კლასის მოსწავლე ბიჭებს ეძებენ. გამოცემა წერს, რომ სკოლის მოსწავლეები სირიაში საომრად წავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საზღვრის გადაკვეთა პოლიციელის მიერ დაშვებული შეცდომის გამო შეძლო, რასაც უწყების ინფორმაციით გენერალური ინსპექცია გამოიძიებს.
ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.