შსს-ს ინფორმაციით, ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, აცხადებს პოლიცია.
პოლიციის ცნობით, მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.
პოლიციელის დაღუპვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი და შესაბამისი ორგანოებისგან ელის ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას.