“სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამჟამინდელ მერს, კახა კალაძეს დებატებში იწვევს. ელისაშვილი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ დებატების თემა მერიის სატრანსპორტო რეფორმა იქნება.
განცხადებაში ელისაშვილი ამბობს, რომ მერიის არაკომპეტენტურმა და არათანმიმდევრულმა სატრანსპორტო რეფორმამ მოძრაობის სრული კოლაფსი გამოიწვია.
“გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და განსაკუთრებულად მანქანით, არის შეუძლებელი. ამ შედეგების წინასწარ დათვლა არ იყო რთული, ვინაიდან როგორც სახურავიდან არ შენდება სახლი, ასევე არ შეიძლება ტაქსების რეფორმით დაიწყო სატრანსპორტო რეფორმა“ ,- აცხადებს ელისაშვილი.
ელისაშვილი განცხადებაში აკრიტიკებს კალაძეს და ამბობს, რომ მერია თავის ნაბიჯებში არაკომპეტენტურია, რითაც ქალაქს აზიანებს.
“ამიტომ მე ქალაქის მერს ვიწვევ დებატებში ნებისმიერ არხზე. ვიწვევ არა იმიტომ, რომ მასთან ლაპარაკი მომენატრა, არამედ იმისთვის, რომ ავუხსნა მას და მის არაკომპეტენტურ გარემოცვას, რა პრობლემებიც წარმოქმნეს. მინდა ავუხსნა, რომ ეს გაუაზრებელი რეფორმა არის გასაჩერებელი და რეალურად სატრანსპორტო რეფორმა უნდა დაიწყოს მეტროს შესაძლებლობების გაძლიერებიდან, ავტობუსების დამატებით და ა. შ.“, – ამბობს ის.