ახალი ამბები

ჯანელიძის თქმით, ჯარისკაცთა ფრაგმენტების დაკრძალვაზე დატვირთული დღის გამო ვერ მივიდა

4 აპრილი, 2015 •
ჯანელიძის თქმით, ჯარისკაცთა ფრაგმენტების დაკრძალვაზე დატვირთული დღის გამო ვერ მივიდა

კერძოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ ის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზე იმყოფებოდა, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა. 


“გუშინ იყო სამმხრივი სამიტი, აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამიტი, რომელიც არის ტრადიციული ფორმატის ღონისძიება. ჩვენ საკმაოდ საინტერესო შეხვედრები და საუბრები გვქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე როგორც სამმხრივ ფორმატში, ასევე ორმხრივ ფორმატში. შესაბამისად, მთელი დღე იყო დატვირთული ჩვენი, ჩვენ გავთავისუფლდით დაახლოებით საღამოს 9 საათზე. გენშტაბის უფროსი და მინისტრის პირველი მოადგილე ჩართული იყო ამ სამიტის მუშაობაში უშუალოდ. შესაბამისად, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე, გენშტაბის უფროსის 2 მოადგილე,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.

გარდა ამისა, ჯანელიძემ განაცხადა, რომ დაკრძალეს არა ცხედრები, არამედ დეენემის ანალიზისთვის აღებული ნიმუშები:

“მე მინდა გითხრათ ცნობისათვის, რომ ძალიან ბევრი ოჯახის წევრი, რომელიც, ასე ვთქვათ, დეენემ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების დაკრძალვა მოხდა და არა ცხედრების დაკრძალვა გუშინ, ვერ დაესწრო ამ ღონისძიებას. თუმცა ეს ღინისძიება ორგანიზებული იყო, ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროს მიერ. თავდაცვის სამინისტრომ, ჩემი აზრით, მიაგო და ყოველთვის მაიგებს პატივს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. მე ჩვენს ჯარისკაცებს მინდა ვუთხრა და ჩვენმა ჯარისკაცებმა მშვენივრად იციან, თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრისა და ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მათ მიმართ,”- განაცხადა ჯანელიძემ.


დაკრძალვის ცერემონიალს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნილი უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი დაესწრნენ.



მასალების გადაბეჭდვის წესი