ელაპარაკონ თავიანთი რანგის პირებს – ერდოღანი პენსთან და პომპეოსთან შეხვედრაზე უარს ამბობს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრას, რომლებიც მალე თურქეთში ჩავლენ სირიაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საწარმოებლად.

“მაგათთან ლაპარაკს მე არ ვაპირებ. ელაპარაკონ თავიანთი რანგის პირებს. როცა ტრამპი ჩამოვა, მაშინ ვილაპარაკებ“, – მოჰყავს ერდოღანის სიტყვები NBC News-ს. 

გარდა ამისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ არ აპირებს, ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. მის გადასარწმუნებლად ანკარაში აშშ-ის დელეგაცია, მათ შორის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რამდენიმე საათში გაემგზავრებიან- წერს NBC News.

“გამოაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტა – ამბობენ ისინი. ცეცხლის შეწყვეტას არ გამოვაცხადებთ“, – განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანში ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ჩვენზე ზეწოლას ახდენენ, ოპერაცია რომ შევაჩეროთ. სანქციებს გვიწესებენ. ჩვენი მიზანი ნათელია, სანქციები კი არ გვადარდებს“, – დაამატა ერდოღანმა.

ამავე დროს, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის, რობერტ ო’ბრაიანის და სირიის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმზ ჯეფრის თანხლებით, თურქეთში გაემგზავრება, სადაც ერდოღანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.  ისინი გეგმავენ, ანკარას შეატყობინონ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეკონომიკურ სანქციებს შეთანხმების მიღწევამდე არ შეწყვეტს.

არსებული სანქციების გარდა, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ტრამპი დამატებითი სანქციების დაწესებასაც განიხილავს: “დიდი ტარიფები რკინაზე. შეერთებულ შტატებში ბევრი რკინა ჩამოაქვთ. დიდ ფულს აკეთებ რკინის ჩამოტანით. ვეღარ გააკეთებენ ამდენ ფულს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთმა თავისი საზღვრის გასწვრივ, ჩრდილოეთ სირიაში, სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანიც საზღვრის გასწვრივ, სირიის ტერიტორიაზე, 30 კილომეტრის სიღრმეში ე.წ.  ბუფერული ზონის შექმნაა. ამ ტერიტორიას ამჟამად ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად და, შესაბამისად, საფრთხედ აღიქვამს. ოპერაციის დაწყებამდე, ტრამპის ბრძანებით, ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროები გაიყვანეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული არის ნეტგაზეთის მოხალისე 2019 წლის ოქტომბრიდან. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.