ახალი ამბები

პრემიერი: ვიმედოვნებ, გვენეტაძე მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების საქმით დაინტერესდება

3 აპრილი, 2015 •
პრემიერი: ვიმედოვნებ, გვენეტაძე მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების საქმით დაინტერესდება

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ამ საქმით აუცილებლად დაინტერესდება. ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლემ, რომელმაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების “დივერსიული გადაწყვეტილება” მიიღო, ეს აუცილებლად უნდა განმარტოს. 

 

“ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დღეს დაყადაღებული. დაახლოებით 4 500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის ღირებულების საწარმო არის დაყადაღებული.  ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2 500 ადგილობრივი მოსახლე და მე მინდა მივმართო იმ ადამაინს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, მე ვიტყოდი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს პასუხი აგოს როგორც მინიმუმ 2 500 კაცის ოჯახის წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარდგეს, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე და განმარტოს, თუ რატომ ახდენს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს,”– განაცხადა პრემიერმა. 

 

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხნის განცხადებით, 2015 წლის 24 თებერვალს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც კომპანიისგან 4,553 ლარი და 48 თეთრი  აქვს მისაღები, კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენება აკრძალა. კომპანიის განმარტებით, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა აკრძალა „რუსთავის ფოლადის“ ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება. მათ შორის, წიდასაყარი, რომელზე წვდომის გარეშეც მეტალურგიული ქარხნის მუშაობა უკიდურესად იზღუდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი