ახალი ამბები

გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისთვის მეტი მოგვეთხოვება – ჩუგოშვილი

15 ოქტომბერი, 2019 • 705
გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისთვის მეტი მოგვეთხოვება – ჩუგოშვილი

მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ხაშურში მომხდარი ფემიციდის შემთხვევას გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი მძიმე ფაქტების პრევენციისთვის “ყველას მეტი მოგვეთხოვება”.

“აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ფემიციდის ბოლო შემზარავ ფაქტს, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიების წყალობით, რომელსაც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთობლივად ატარებენ, ზოგადად გენდერული ძალადობის მაჩვენებლები და სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე არის ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე ოდესმე და ასეთი ტრაგიკული აღსასრულის მაჩვენებლები რაოდენობრივად შემცირებულია. თითოეული შემთხვევა არის უმძიმესი ტრაგედია და ყველას ერთად უფრო მეტი მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, 11 ოქტომბერს ხაშურში ყოფილმა ქმარმა 30 წლის ქალს “ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს როგორც მე-8, ისე მე-9 მოწვევის პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი ფემიციდის შესახებ, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი