ახალი ამბები

შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა – მელია

14 ოქტომბერი, 2019 • 1131
შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“.

მელიას აზრით, “ევროპული საქართველო” ცდილობს, ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა შურისძიებაზე და რევანშზე უარის თქმად მიაწოდოს საზოგადოებას.

“ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ არა, ამას არც მე ვადგენ, არც ბოკერია და არც არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე”, – წერს მელია სოციალურ ქსელ Facebook-ში.

მისი თქმით, ენმ უარს ამბობს რევანშზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება.

“არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს, იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში. თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები”, – მიიჩნევს ნიკა მელია.

“ევროპული საქართველო” მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტრია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც.

ამ თემაზე:

“ევროპული საქართველო” ივანიშვილის გასამართლების და “გაკულაკების” წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი