ახალი ამბები

უგულავას თქმით, პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა შესაძლო კოალიციებში მათი ერთ-ერთი პირობა იქნება

14 ოქტომბერი, 2019 •
უგულავას თქმით, პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა შესაძლო კოალიციებში მათი ერთ-ერთი პირობა იქნება

“მთავრობის ცვლილების შემდეგ, 2020-ში, ევროპული საქართველოს, როგორც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივის, მომავალ შესაძლო კოალიციურ თემებს, პირობებს შორის სწორედ პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა იქნება (დეტალები, მუხლებია სწორედ სადისკუსიო და არა თავად იდეა)’, – ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აკეთებს იმ დისკუსიასთან დაკავშირებით, რომელიც მის თანაპარტიელ გიგა ბოკერიას წუხანდელ ინტერვიუს მოჰყვა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვლილების შემდეგ წინა, ანუ “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების სისხლის სამართლებრივი დევნის წინააღმდეგია, გარდა მკვლელობისა და წამების შემთხვებისა.

“ზოგადად, მიმაჩნია, რომ უსარგებლო ცილისწამების ნაცვლად, რაც მხოლოდ ართულებს შემდგომ თანამშრომლობას, უმჯობესია საგნობრივი დისკუსიები კონკრეტულ თემებზე: დასაქმებაზე, ეკონომიკაზე, თავდაცვაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ. ყველა შემფითილებლის, წამხალისებლის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ თუ ოპოზიციაში ყოფნისას ვერ მოვახერხეთ ცივილური დებატები თუნდაც მწვავე განსხვავებულ საკითხებზე, უკიდურესი სიბეცე იქნებოდა გვეფიქრა, რომ მერე ჩვენს კოალიციურ ურთიერთობას ირწმუნებს ვინმე. მარტივად, თუ დღეს არ ვარგიხარ, არც ხვალ ივარგებ, ხოლო გუშინდელი წარმატებებისთვის ხვალ არავინ აგირჩევს. ევროპულმა საქართველომ პოლიტიკური სიმწიფის ეს ტესტი ჩააბარა, როცა პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 5 წუთში ქმედითი მხარდაჭერა გამოუცხადა მეორე ტურში გასულ კანდიდატს. ნაციონალურ მოძრაობას ეს ტესტი ჩასაბარებელი აქვს და არ მგონია, რომ თუნდაც მიუღებელი კრიტიკისთვის პასუხად ტალახის სროლა სერიოზული და ადეკვატური იყოს. უნდა გვესმოდეს, რომ სასწორზე არა ჩვენი კარიერა, არამედ ქვეყნის მომავალი დევს და ამგვარი ტალახის სროლით მხოლოდ ივანიშვილის პარაზიტობას ვუხანგრძლივებთ. ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სასჯელიც ტალახის მსროლელთ დაეკისრებათ.

ამიტომ, მეგობრებო, ვიკამათოთ სახის შენარჩუნებით და წითელი ხაზების დაცვით. ჩათვალეთ, რომ ეს პირველი ბარიერია ხანგრძლივ ბრძოლაში, ბარიერი, რომლის გადალახვის გარეშე მეორეს, უფრო რთულს, ვერ შევეჭიდებით

პ.ს. ვარ თვითკრიტიკული და პირველ რიგში საკუთარ თავს, ჩემს გუნდს, ვეუბნები ამას, თუმცა, იმედი მაქვს, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებში ბევრი კარგი გამგონე აღმოჩნდება”, – წერს უგულავა.

“ევროპული საქართველო” ივანიშვილის გასამართლების და “გაკულაკების” წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი