ახალი ამბები

რას ფიქრობენ ოპოზიციაში ამნისტიის შესახებ ბოკერიას მოსაზრებაზე?

14 ოქტომბერი, 2019 •
რას ფიქრობენ ოპოზიციაში ამნისტიის შესახებ ბოკერიას მოსაზრებაზე?

“გაერთიანებულ ოპოზიციაში” ცალსახად არ იზიარებენ “ევროპული საქართველოს” პოზიციას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის სამართლებრივი დევნა ან ქონების გადანაწილება არ უნდა დაიწყოს.

“ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. ხალხისგან მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა. შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა. თქვენ პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?”, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

უცხოელი მოსამართლეებისგან შემდგარი სისტემის შექმნამდე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სისხლის სასმართლებრივი დევნის დაწყებას დაუშვებლად მიიჩნევს “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

“ჩვენი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც გვქონდა და საიდან გადახვევასაც ნამდვილად არ ვაპირებთ, არის ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება არა დაპირისპირება, არამედ ეროვნული თანხმობა. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, მე წინასწარ ამნისტიას ვერავის გამოვუცხადებ შემდეგი ერთ წელიწადში ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ ერთ პირობას ვდებ – რომ პოლიტიკურ ფიგურებთან მიმართებაში საქმეებს განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი მოსამართლეებისგან შემდგარი პანელი. მაგალითისთვის, ეს იქნება ერთი გერმანელი, ერთი ფრანგი, ერთი ბრიტანელი მოსამართლე. ერთადერთ შემთხვევაში იქნება საქმე აღძრული, თუ შევქმნით ობიექტურ სასამართლოს უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით. თუ ვერ შევქმნით, მე ვფიქრობ, გაცილებით დიდია ეროვნული თანხმობის იდეა, ვიდრე შურისძიება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვაშაძემ.

მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება მხოლოდ იმ შმეთხვევაში, თუ ბიუჯეტიდან მოპარულია დიდი ოდენობით თანხა.

“მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვთზე მოპარულია 70 მლნ დოლარი. ეს თანხა ხომ უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტს? მაგრამ იმიტომ, რომ ეს არ იყოს ჩემი ან ვინმე ახალი ხელისუფალის მიერ განხორციელებული პოლიტიკური ანგარიშსწორება,  ჩვენ გაგვაქვს ეს საკითხი ქართული პოლიტიკური დისკურსიდან”, – აცხადებს ვაშაძე.

კითხვაზე, გიორგი გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს თუ არა 20 ივნისის მოვლენებზე, გიორგი ვაშაძე პასუხობს:

“ჩემი დღევანდელი პოზიციაა, რომ გახარიას მიუძღვის დანაშაული, მან გამოიყენა ძალა ქართველი ხალხის და საზოგადოების წინაააღმდეგ, მაგრამ მე გახარიას ობიექტური დამსჯელი ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ვარ სუბიექტური ამ შემთხვევაში”, – აღნიშნა ვაშაძემ.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, არავის აქვს უფლება, კანონს პოლიტიკური ასპექტი დაუწესოს.

“როცა პოლიტიკოსი, ერთი მხრივ, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, დამოუკიდებელ პროკურატურაზე და სასამართლო სისტემის სრულ გადატვირთვაზე საუბრობს და მეორე ხელით პირდაპირ მიუთითებს დაუსჯელობაზე – ფარისევლობა და სიყალბეა. არავის აქვს უფლება, კანონს პოლიტიკური ასპექტი დაუწესოს. პოლიტიკური ძალა ვერ განსაზღვრავს, ვის მისცეს თავისუფლება და ვის არა. ასე იქცევა ივანიშვილი”, – წერს ხატია დეკანოიძე.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ “არავინ ციხეში” ისევე შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, როგორც “ყველანი ციხეში”.

“დამნაშავეს დანაშაული უნდა დაუმტკიცდეს. დამნაშავედ ცნობის მერე ვინ რამდენ ხანს ჩაჯდება ციხეში და ვინ არ ჩაჯდება, ამის მექანიზმები აქვთ ინსტიტუციებს. როგორ შეიძლება მოქმედ ხელისუფალთ გამოუცხადო, ჩადენილ და ჩასადენ დანაშაულზე პასუხი არ მოგეთხოვებათო?” ,- ამბობს ბერძენიშვილი.

“ევროპული საქართველო” მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტრია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც.

ამ თემაზე:

“ევროპული საქართველო” ივანიშვილის გასამართლების და “გაკულაკების” წინააღმდეგია

“ევროპული საქართველო” ივანიშვილის გასამართლების და “გაკულაკების” წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი