ბუდაპეშტის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გერგლ კარაკსონმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ისტვან ტარლოსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
უნგრეთის “ნაციონალური არჩევნების ოფისის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არჩევნებში 50.6%-მა კარაკსონს დაუჭირა მხარი, ხოლო ტარლოსმა ხმების 44.3%-ის მოპოვება შეძლო. ევრონიუსის ცნობით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ეს უნგრეთის ოპოზიიცისთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
ევრონიუსის ცნობით, ასევე მოსალოდნელია, რომ ოპოზიციური პარტიები უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ და ბუდაპეშტის გენერალურ ასამბლეაში 17 წევრით შევლენ, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ მართული პარტიის ფიდესი – ქრისტიან დემოკრატების ალიანსიდან ასამბლეაში შესვლას 14 წევრი შეძლებს.
“ეს არის უნგრეთის შეცვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები” – დაწერა კარაკსონმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე – “ჩვენ ბუდაპეშტს ევროპაში დავაბრუნებთ”
ბუდაპეშტში უნგრეთის 10 მილიონი მოქალაქის მეხუთედი – თითქმის 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და უნგრეთის ეკონომიკის კეთილდღეობაში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.
“ბუდაპეშტის და უნგრეთის მთავარი ქალაქების შეცვლა იქნება პირველი ნაბიჯები უნგრეთის შეცვლისაკენ”, – მიმართა კარაკსონმა საკუთარ მხარდამჭერებს.
ევრონიუსის ცნობით, ეს არჩევნები განსაკუთრებულ გავლენას არ მოახდენს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ძალაუფლებაზე, რადგან მისი პარტია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რეგიონებში.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიების გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა უნგრეთის თანამედროვე პოლიტიკაში, რადგან ამ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მიერ მართული პარტია 2010 წლიდან ზედიზედ შვიდ არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვებას ახერხებდა.
მთავარ ფოტოზე: გერგლს კარაკსონი. ფოტო: Bődey János / Index