ახალი ამბები

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

13 ოქტომბერი, 2019 •
ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ხაშრურში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ საქმეზე პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა, გუშინ 12 ოქტომბერს, მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ დააკავეს.

ინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 30 წლის ნ.გ.-ს „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

ქალი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში და ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე საათს ცდილობდნენ.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დამაშაულის დროს კაცმა ქალის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, თუმცა ის არ აფეთქებულა. შსს-ში წინა დღეს გვითხრეს, რომ ადგილზე გამნაღმველები მართლაც მუშაობდნენ.

12 ოქტომბრის განცხადებით, 32 წლის ბრალდებული, გარდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა, დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც.

„ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა“, — წერს შსს.

ბრალი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს პრესრელიზის თანახმად, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო;

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი