ახალი ამბები

„საქართველოში არ შეგვიშვეს, თქვენი მუშაობა არასასურველიაო“ — ჟურნალისტები სომხეთიდან

12 ოქტომბერი, 2019 • 1885
„საქართველოში არ შეგვიშვეს, თქვენი მუშაობა არასასურველიაო“ — ჟურნალისტები სომხეთიდან

სომხური გამოცემა Epress.am-ის სამ ჟურნალისტს 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოში მათი მუშაობა „არასასურველია“ და ქვეყანაში არ შეუშვეს, — წერს გამოცემა Epress-ი.

„ნეტგაზეთი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რა საფუძველი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

[განახლება: ნახეთ შსს-ს პასუხი]

როგორც თავად ჟურნალისტები — იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატურიანი და ტიგრან აკოპიანი — აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, რამდენიმე საათით დააყოვნეს, შემდეგ კი საერთოდ უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე.

ისინი ნინოწმინდა-ბავრის პუნქტით კვეთდნენ საზღვარს. მათი მონათხრობის თანახმად, მათ რამდენჯერმე აუხსნეს სხვადასხვა ქართველ მესაზღვრეს, რომ ადგილობრივ ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების აქტივისტებთან და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუებისთვის მიდიოდნენ ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში.

ინტერვიუები, მათ თანახმადვე, დაგეგმილი იყო გამოცემა Newcaucasus.com-ისა და Epress.am-ის საერთო პროექტის ფარგლებში, რომელიც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ხორციელდება. IWPR-ი წლებია, საქართველოში საქმიანობს.

ჟურნალისტების თანახმად, მესაზღვრეებს ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ეუბნებოდნენ უარს შეშვებაზე და უბრალოდ უთხრეს, რომ „ინტერვიუებისთვის აკრედიტაციაა საჭირო“.

ამის შემდეგ, რეპორტიორების თქმით, ბარგი შეუმოწმეს, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ სამოყვარულო კამერის, შტატივისა და ლეპტოპის გადატანა არ შეიძლებოდა; როდესაც უპასუხეს, რომ სულ რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ საქართველოში და მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნიათ, ერთ-ერთმა მესაზღვრემ მიუგო: „სიტუაცია შეიცვალა“.

ამის შემდეგ მათ უთხრეს, რომ ტექნიკა სომხურ მხარეს დაეტოვებინათ და ხელახლა, ამჯერად ტექნიკის გარეშე წამოსულიყვნენ. ასეც მოიქცნენ, თუმცა როდესაც ისევ მოადგნენ ქართულ მხარეს, იმ მესაზღვრემ, რომელმაც „სიტუაცია შეიცვალაო“, უპასუხა, ახლა აგრესიულად უთხრა:

„ვერ გაიგეთ, რომ თქვენ არ გიშვებენ საქართველოში“?

ამის შემდეგ გამოცემა Epress-ი ასე გადმოსცემს დიალოგს მესაზღვრესა და ჟურნალისტებს შორის:

— „ჩვენ დავტოვეთ ტექნიკა [სომხურ მხარეს]“…

— „მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ აკრედიტაცია არა გაქვთ“

— „რის საფუძველზე გვიკრძალავთ შესვლას“?

— „ცუდად გესმით? არ გიშვებენ. ხელმძღვანელს, რომელმაც გადაწვიტა, არ შეეშვით, გადაწყვეტილება არ შეუცვლია“

— „რომელ ხელმძღვანელს“?

— „თქვენი მუშაობა არასურველია, თქვენ გეკრძალებათ ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოში. არ შეგიშვებენ“.

გარეკანის ფოტოზე: იური მანველიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი