პენტაგონის თანახმად, სირიაში აშშ-ის ჯარისკაცების სიახლოვეს მდებარე პოზიციები თურქეთის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა.
ამერიკული მხარის თანახმად, სამი საარტილერიო ჭურვი ამერიკულ ბაზაზე მყოფი ჯარისკაცებისგან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დაეცა. მათივე ინფორმაციით, ამერიკულ კონტინგენტში მსხვერპლი არ არის.
„თურქეთის ჯარმა კარგად იცოდა აშშ-ის ძალების ზუსტი ლოკაცია და ჩვენ მათთან კოორდინაციაში ვართ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომ ყველას აქვს ინფორმაცია, სად იმყოფებიან ამერიკული ძალები“ – განაცხადა შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ცეცხლი მიმართული იყო არა ამერიკელებისკენ, არამედ ახლოს მყოფი ქურთებისკენ.
„დღეს, თურქული სასაზღვრო პოსტებზე მიიტანეს შეტევა მთებიდან, რომლებიც აშშ-ის ბაზისგან დაახლოებით 1000 მეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. თავდაცვის მიზნით, პოსტმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ტერორისტთა პოზიციებს. თურქეთს არ ჰქონდა მიზანი, აშშ-ის ბაზისთვის შეეტია. ცეცხლის გახსნამდე, მივიღეთ უსაფრთხოების ყველანაირი ზომა, რათა არანაირი ზიანი არ მიგვეყენებინა ამერიკული ბაზისთვის“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
იმავე დღეს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთის მოქმედების მიმართ ოპოზიცია გამოხატა.
„აშშ ეწინააღმდეგება თურქეთის სამხედრო ინტერვენციას სირიაში და განსაკუთრებით აპროტესტებს თურქული ოპერაციების მიმდინარეობას „თავდაცვის მექანიზმის“ ზონის იქით და იმ ადგილებში, სადაც ამერიკული ძალები კვლავ რჩება. აშშ მოითხოვს, რომ თურქეთმა თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგისგან, რომელთა საპასუხოდაც შეიძლება საპასუხო თავდაცვითი რეაქციის უმალ გამოვლენა გახდეს საჭირო“.