ახალი ამბები

სამინისტროში, სადაც დევნილები აქციას მართავენ, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

11 ოქტომბერი, 2019 • 1466
სამინისტროში, სადაც დევნილები აქციას მართავენ, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, რომლებიც რამდენიმე დღეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქციას  მართავენ.

სიტუაცია სამინისტროში მას შემდეგ გამწვავდა, რაც უწყებამ ბინების განაწილების პროცესი დაასრულა და სიები გაასაჯაროა. სამინისტროში ამბობენ, რომ კომისიის გადაწყვეტილებით,  ამ ეტაპზე  ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა.  ასევე, დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც.

როგორც აქტივისტი კახა კვეკვესკირი ამბობს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა,  აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი ადამიანი მოხვდა სიაში, რამაც აქციის მონაწილეების აღშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, ერთმა ადამიანმა თვითდაზიანებებიც მიიყენა. აღნიშნული საკითხი “ნეტგაზეთს” შსს-შიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება სსსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობადე მიყვანას გულისხმობს.

პოლიციამ აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობიდან გამოიყვანა. ისინი აქციას ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აგრძელებენ.

საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ აქციის მოანაწილეთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა.

ამას გარდა, განცხადებაში წერია, რომ აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი  აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და, შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა:

“გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის პირველ ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ. მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით”, – აცხადებენ სამინისტროში.

ვრცლად წაიკითხეთ:

“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი