რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა ხელი მოაწერეს ახალ საერთო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ერთობლივად დაიწყებენ ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ახალი ამბების სააგენტო TASS ავრცელებს.
The Moscow Time-ის ინფორმაციით, TASS-მა და ჩრდილოკორეულმა მედიასაშუალებამ, “კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტომ”, თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელი 2005 წელსაც მოაწერეს. სწორედ TASS არის ერთადერთი რუსული მედიასაშუალება, რომელსაც ამჟამად ფხენიანში დროებითი ბიურო აქვს.
შეთანხმების თანახმად, ორი სახელმწიფოს მედიასაშუალებებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ ახალი ამბები და ჟურნალისტური რესურსები, რათა აღმოფხვრან დეზინფორმაციის გავრცელების ის საფრთხეები, რომლებსაც ამ ორი სახალმწიფოს წარმომადგენლები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
“ძალიან ხშირად ვაწყდებით ინფორმაციის არასწორად გაშუქების პრობლემებს, ჩვენ აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრაქტიკა”, – ამის შესახებ “კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტოს” გენერალურმა დირექტორმა კიმ ჩენ გვანგიმ TASS-ს განუცხადა.
2019 წელს “მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მედიის დამოუკიდებლობის, ჟურნალისტების უსაფრთხოების, ჟურნალისტების და პრესის სამართლებრივი დაცვის ინდექსის მიხედვით 149-ე და 179-ე ადგილებს ინაწილებენ. ამ მიმართულებით ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ თურქმენეთი უსწრებს, რომელსაც აღნიშნულ რეიტინგებში 180-ე ადგილი უკავია.