ამის პარალელურად, მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ აქვს.
“აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას: არაღიარება მიზნად არ ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იზოლაციას! პირიქით – იქ მცხოვრები ადამიანები, დევნილებთან ერთად, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ჩვენ ვესწრაფით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ჩვენი თანამოქალაქის სრულფასოვან განვითარებას. გვსურს, რომ მათ სრულად ისარგებლონ სიკეთეებით, რაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობას და საქართველოს ევროინტეგრაციას მოაქვს.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრში და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა. ამ მიზნით მე გავმართე საკონსულტაციო შეხვედრების სერია (და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება), რის შედეგადაც გამოიკვეთა კონსენსუსის კონტურები. კერძოდ:
საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა საერთო მიზანს წარმოადგენს და ეს მიზანი ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება მის მიღწევამდე;
ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის პროცესი ბუნებრივად გულისხმობს დევნილთა ნებაყოფლობით, ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას;
ამ მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტების ურთიერთმისაღებ საფუძველზე მოგვარებას;
სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს;
საქართველოს სურვილი და მიზანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით, მასთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო გადაადგილებით წარმოქმნილი პრივილეგიები თანაბრად გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე;
ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზებისა;
საქართველო აღიარებს კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას, რასაც დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება; იმავდროულად, საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და გააგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ ფუნდამენტზე შეიქმნება საერთოეროვნული პლატფორმა.
“მის განსახორციელებლად საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებული ნაბიჯების დასახვა. ამისათვის მიზანშეწონილად მიმაჩნია წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, უკრაინის ომი 2014-ში, დნესტრისპირელი სეპარატისტების მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალისმიერი პოლიტიკის დანერგვა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „დასჯა“ მათი ევროპული არჩევანის გამო.
დღეს ჩვენი ამოცანა რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების სფეროების“ კონფრონტაციული პარადიგმის მიღმა დარჩენაა. საქართველო ესწრაფის რუსეთთან თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას; ჩვენი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობების განსამუხტავად და ამ ძალისხმევაში უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება გვესაჭიროება.
ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა; საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების განახლებულ არქიტექტურაზე მსჯელობისას სრულადაა გასათვალისწინებელი ნატოს არაწევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემატიკა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.