ახალი ამბები

არასწორად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარი შესაძლოა ჯარიმით დაისაჯოს

11 ოქტომბერი, 2019 •
არასწორად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარი შესაძლოა ჯარიმით დაისაჯოს

ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის შესაძლოა რეგულაციები გამკაცრდეს.

საუბარია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტზე, რომლიც ჯარიმებს უწესებს როგორც მოქალაქეებს, ასევე კომპანიებს.

კანონპროექტის თანახმად, თუ ობიექტზე ან საცხოვრებელ სახლში არსებული გაზდანადგარი საფრთხის შემცველია, ხოლო მომხმარებელი უარს აცხადებს მის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანია (თბილისი ენერჯი; სოკარი და სხვა) ვალდებული იქნება ამის შესახებ პოლიციას აცნობოს.

მომხმარებლის 50 ლარით, ხოლო კომპანიის 500 ლარით დაჯარიმება შემდეგ შემთხვევებში მოხდება:

  • სახლში ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობა, რომლის განთავსება იმ ადგილას დაუშვებელია
  • თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის არმქონე გაზის დანადგარით სარგებლობისას გაზის მოხმარება ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც გაზის გატარებისათვის არ არის განკუთვნილი.
  • გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენება, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან დანადგარი ექსპლუატაციაშია სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე

“აღნიშნული დარღვევების განმეორებით  ჩადენა,  ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით,”-აცხადებენ სამინისტროში.

 უწყება რეგულაციების ამოქმედების მიზეზად ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მომხმარებელთა მოწამვლის არაერთ შემთხვევას ასახელებს:

“გაზდანადგარების არასწორი განთავსებისა და ექსპლუატაციის, თვითნაკეთი, კუსტარული დანადგარებით სარგებლობის, სავენტილაციო არხების არასწორი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების სხვა დარღვევების გამო ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მომხმარებელთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის გაჟონვის, დაგროვებისა და აფეთქების ფაქტებს. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.”

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ჯერ პარლამენტში არ შესულა და კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია ნეტაზეთს სამინისტრომ მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი