იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ გამარჯობით იცნობს გიორგი „რიჟა“ კაპანაძეს, რომელსაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მძიმე ბრალდებების ბიზნესმენს“ უწოდებს.
10 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ თავის გადაცემაში ანა დოლიძეს ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი „რიჟა“ კაპანაძემ შეიძლება მისი დაანონსებული მოძრაობა დააფინანსოს და შეხვდა თუ არა მას:
დოლიძემ დაადასტურა, რომ კაპანაძეს შეხვდა, თუმცა უარყო, რომ ეს შეხვედრა მოძრაობას ეხებოდა.
„ამ პროცესში იყო და იქნება ათასგვარი მცდელობა, მიმაწებონ ვინმეს სახელსა და გვარს… ათას ადამიანთან ცდილობენ, რომ გამაიგივონ. კიდევ იქნება ამის მცდელობა“…
კითხვაზე, რა მიზნით შეხვდა მას და რაზე ესაუბრა, დოლიძემ უპასუხა: „მას ვიცნობ სოციალურად… ვიცნობ გამარჯობით… ისევე, როგორც ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს“. დოლიძემ უარყო, რომ მას პოლიტიკურ მოძრაობასთან დაკავშირებით შეხვდა. „სანამ ვინმესთან საქმიანად გამაიგივებთ, მედიასთან თხოვნაა, ჯერ მე მკითხეთ პირადად“.
ნიკა გვარამიამ გიორგი „რიჟა“ კაპანაძე ასე დაახასიათა: „ის არის ოდიოზური ფიგურა, გამომძალველი, მძიმე ბრალდებების ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის საცეცი, ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც დაანგრია რუსთავი 2“. იგივე ბიზნესმენი გიორგი კაპანაძეა, რომელიც გიგი უგულავას საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.