იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებს კრებს, რომლებთან ერთადაც „ორგანიზებული ძალის“ შექმნას აპირებს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანად „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარს, ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს ასახელებს.
„ვაპირებ, რომ გავაძლიერო ჩემი საქმიანობა იმ გაგებით, რომ თუ აქამდე ორგანიზებული ძალის წევრი არ ვიყავი და არ ვთანამშრომლობდი ორგანიზებულ ძალასთან, მე მივედი იმ ეტაპზე, რომ ვთვლი საჭიროდ, ამ ორგანიზებული ძალის ნაწილი ვიყო“, — თქვა მან 10 ოქტომბერს „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიას გადაცემაში.
„ჯერჯერობით ვკრებ ადამიანებს, სერიოზულ თანამოაზრეებს, ისინი ლიდერები არიან, რომლებთანაც მექნება ჰორიზონტალური ურთიერთობა… ლევან კობერიძე, მაგალითად“… მას ამ ეტაპზე არ დაუსახელებია სხვა თანამოაზრეები: „მეტს გაიგებთ თავის დროზე“. დოლიძის თქმით, მისი მოძრაობა იქნება „სახალხო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია“.
გვარამიას კითხვაზე, რა შედეგი მოუტანა პიროვნულმა ბრძოლამ წლების განმავლობაში, დოლიძემ უპასუხა: „შეხედეთ ჩემს ბიოგრაფიას 2004 წლიდან დღემდე… შედეგი იქნება 2020 წელს“.