ახალი ამბები

„პროკურატურა არ აპირებს ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს“ — პატარაია

10 ოქტომბერი, 2019 •
„პროკურატურა არ აპირებს ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს“ — პატარაია

უფლებადამცველ ბაია პატარაიას ცნობით, პროკურატურა არ აპირებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.

თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებს. პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული. ჯიშკარიანს ბრალი ედება თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.

ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე პროკურატურამ სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. თუმცა პროკურატურაში „ნეტგაზეთისთვის“ არ დაუზუსტებიათ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვენ თუ არა.

ბაია პატარაია ფეისბუკზე წერს, რომ „პროკურატურა ილია ჯიშკარიანისთვის არ აპირებს აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას“. ის ამას უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს და ამბობს, რომ პროკურატურა დაზარალებულ მხარეს „არაფერს არ ეკითხება“. „მოსამართლეც ვერ შეუფარდებს პატიმრობას პროკურატურის მოთხოვნის გარეშე.
მთავარი პროკურორი ისევ ხელს აფარებს ოცნების დეპუტატს. ჩვენ ამას არ შევეგუებით“, — წერს ბაია პატარაია.

მისი განცხადებითვე, ჯიშკარიანს აქვს „სერიოზული გავლენები სუსში და ჰყავს ძლიერი მფარველები“, ხოლო მისი თავისუფლება „საფრთხეს უქმნის ობიექტურ გამოძიებას“, და, როგორც პატარაია ამბობს, განსაკუთრებით „იმ პირობებში, როდესაც მოწმეზე ზემოქმედების მცდელობა უკვე იყო და დანაშაულის კვალი ერთხელ უკვე წაშალა ილია ჯიშკარიანმა“.

ამ თემაზე პატარაიას ორგანიზაცია „საფარიში“ 10:30 საათზე პრესკონფერენციაა დაგეგმილი, ხოლო 13:00 საათზე- აქცია სასამართლოსთან.

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

როგორ თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიშკარიანი ბრალდებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი