ახალი ამბები

ივანიშვილმა დიპლომატებს უთხრა, რომ ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი იქმნებოდა — ჯაფარიძე

10 ოქტომბერი, 2019 • 1043
ივანიშვილმა დიპლომატებს უთხრა, რომ ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი იქმნებოდა — ჯაფარიძე

სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის ზაფხულში დიპლომატებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი კვირიკაშვილის გარშემო „ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი“ იქმნებოდა. ჯაფარიძის თქმით, ეს არასწორი შეფასება არის მიზეზი, რის გამოც მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

„ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას შარშან ზაფხულში ბატონი ბიძინას მონაწილეობით, კონფიდენციალურად მითხრა, რომ ბატონმა ბიძინამ დიპლომატებთან საუბრისას თქვა, რომ აქ იქმნება ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი“, — თქვა ჯაფარიძემ 10 ოქტომბერს ტვ პირველზე ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას.

ჯაფარიძეს არ დაუსახელებია წყარო, თუმცა თქვა, რომ იგი საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატია, რომელმაც ივანიშვილის ეს ნათქვამი ინგლისურ თარგმანში მოისმინა.

„მის წარმოსახვაში ეს სამივე კომპონენტი შეადგენდა ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრის შექმნის მცდელობას. ამ წარმოდგენას გადაჰყვა, ჩემი აზრით, კვირიკაშვილი. შემდეგ იყო შეტევა ჩვენზე პიროვნულად, რომ ჩამოვეშორებინეთ ბანკისგან, და გაგრძელდა ავთო წერეთლის ბრალდებით, რაც ამ ეჭვთან პირდაპირაა დაკავშირებული“, — თქვა ჯაფარიძემ ინგა გრიგოლიას კითხვაზე პასუხად, მისი აზრით, რის გამო აღიძრა მათ წინააღმდეგ საქმე. ავთანდილ წერეთელი ტვ პირველის მფლობელის მამაა, რომელსაც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში მათ დახმარებას ედავებიან.

ჯაფარიძემ ჩამოთვალა ის სამი კომპონენტი, რაც, მისი აზრით, ივანიშვილის გონებაში „ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრის“ არსებობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო:

„ჩემი დაკვირვებით, მის გონებაში ჩვენ — ანუ ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის დამფუძნებლები, რომლის აქციების ლონდონში ივაჭრება და ბევრი პარტნრიორი ჰყავთ, დაიწყეს ანაკლიის პროექტი, რომელიც მისთვის არასდროს იყო კომერციული და, როგორც ჩანს, მან დაიანახა ამაში პოლიტიკური მიზნები, და მესამე — იმის გამო, რომ ჩვენ 2008 წელს ვისესხეთ სესხები ავთო წერეთლისგან, დაინახა კავშირი ჩვენსა და ტვ პირველს შორის. ანუ მის გონებაში შეიქმნა ეს კონგლომერატი — ბანკი, საიდანაც მისი წარმოდგენით შეიძლება ფული აიღო, რადგან არ ესმის, საჯარო ინსტიტუტი როგორ იმართება; პოლიტიკური დატვირთვის პროექტი და მესამე — ტელეარხი. ანუ შეთქმულებისთვის ყველაზე კარგი საზრდო… მისთვის უკვე საფრთხე გავხდით… სამივე მიმართულებით დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა“.

ჯაფარიძის თანახმად, ეს „შეთქმულების თეორია, თითქოს ჩვენ კვირიკაშვილთან ერთად რაღაცას ვაპირებდით, ზაზა სარალიძის აქციების შემდეგ გაჩნდა“, რასაც მისივე თქმით, არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი