ახალი ამბები

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გავლენა საქართველოზე

10 ოქტომბერი, 2019 •
სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გავლენა საქართველოზე

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთული შენაერთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ანკარა აცხადებს, რომ ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” განხორციელებით თურქეთი გაწმენდს ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის (PYD/PKK) ტერორისტებისგან, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ზონის შექმნას სირიელი ლტოლვილების დასაბრუნებლად.

თურქეთის სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილება ამერიკის შეარაღებული ძალების ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაყვანის შესახებ, რაც როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორების ნაწილში აღქმული იქნა როგორც მიტოვება სირიელი ქურთებისა, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში. რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი კრის ვან ჰოლენი გამოვიდნენ ინიციატივით, თურქეთს დაუწესდეს სანქციები სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გარდა, სავიზო და საბანკო სანქციები გავრცელდეს თურქეთის ვიცეპრეზიდენტზე და საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, ვაჭრობის და ენერგეტიკის მინისტრებზე, ასევე, აიკრძალოს თურქეთისთვის ამერიკული შეიარაღების და თავდაცვითი ტექნოლოგიების მიყიდვა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამიერიდან თურქეთი იქნება პასუხისმგებელი ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის თითოეულ მებრძოლზე, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების მიერ კონტროლირებად ციხეებში არიან დაკავებულები. ქურთი და არაბი მებრძოლების კავშირმა, აშშ-ის ხელმძღვანელობით, მოქმედ საერთაშორისო კოალიციას და გაეროს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში უსაფრთხოების ზონის შექმნისკენ მოუწოდა, რადგან “თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას და “ისლამური სახელმწიფოს” აღორძინებას გამოიწვევს”.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი თურქეთი გააკეთებს რამე ისეთს, რასაც მისი “დიადი და შეუდარებელი სიბრძნით” ზედმეტად მიიჩნევს, თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს დაემუქრა ევროკავშირს, რომ თუ მის ოპერაციას სირიაში შეჭრად შეაფასებენ, სამ მილიონზე მეტ სირიელ დევნილს ევროპისკენ გაუხსნის გზას.

მშვიდობის წყაროს” გავლენა საქართველოზე

საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპექტები თანხმდებიან, რომ თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება სირიაში, სადაც მრავალი საერთაშორისო აქტორის, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება, ირიბ და პირდაპირ გავლენას იქონიებს მთელ რეგიონზე, საქართველოს ჩათვლით.

სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება უკვე აისახა თურქულ ლირაზე, რომელიც საჰაერო თავდასხმის დაწყებისთანავე დოლარის მიმართ 0,5%-ით გაუფასურდა. უმეტეს შემთხვევაში სწორედ საგარეო ფაქტორები და ლირის გაუფასურება მოჰყავს საქართველოს ხელისუფლებას ლარის გაუფასურების მიზეზად, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე სწორედ თურქეთია 1 702.8 მლნ აშშ დოლარით; მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში თურქეთის წილმა მთლიან იმპორტში 17,4% შეადგინა. გასულ წელს თურქეთიდან პირდაპრი უცხოურმა ინვესტიციბმა 49.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლოს II კვარტალში თურქეთი, 36 მილიონი აშშ დოლარით, მეორე უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორია საქართველოში. თურქეთიდან შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 2018 წელს 105 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

“საბრძოლო მოქმედებებს სირიაში სხვადასხვა განზომილება აქვს და ერთ-ერთი, მართალია, არის ეკონომიკური. ლირის გაუფასურებამ, რაც ადრე დაიწყო, კიდევ უფრო მოიმატა. ეს ბუნებრივად აისახება ქართულ ლარზეც გამომდინარე იქიდან, რომ ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე თურქეთში მუშაობს და ხელფასს ლირებში იღებს. საქართველოსთვის თურქეთი არის ნომერ პირველი სავაჭო პარტნიორი, რომლის ეკონომიკური სირთულეები პირდაპირ აისახება საქართველოზე. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში უკვე საუბრობენ ანკარისთვის შესაძლო სანქციების დაწესების თაობაზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა.

ეკონომიკური ფაქტორის გარდა, ზურაბ ბატიაშვილი ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების საკითხზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველო დადგეს რადიკალების გადაადგილების შედეგად.

“რაც უფრო არასტაბილური იქნება სიტუაცია სირიაში და სირიის გარშემო, მით უფრო მოიმატებს რადიკალიზაციის და ამ რადიკალურ გაერთიანებებში გაწევრებული ადამიანების ამოძრავების საფრთხე. როგორც ჩვენ ვნახეთ ჩატაევის შემთხვევაში, მათი ნაწილი შესაძლოა ამოძრავდეს კავკასიის და მათ შორის, ჩეჩნეთის მიმართულებით. ამ შემთხვევაში საქართვeლო შეიძლება იყოს ტრანზიტული ქვეყანა და ეს დამატებით უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის ჩვენი სახელმწიფოსთვის. ამიტომ საჭიროა, ახლოდან ვადევნოთ თვალ-ყური სირიაში განვითარებულ მოვლენებს და თუ ასეთი საჭიროება იქნება, გავაძლიეროთ საზღვრის დაცვა”, – ამბობს ბატიაშვილი.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დაპირისპირება საქართველოს ორი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ისა და თურქეთის – პოზიციებს შორის, თურქული ლირის გაუფასურება, სირიელი ლტოლვილების მიგრაცია, “დაეშის” ტერორისტების გათავისუფლების საფრთხე, რუსეთის როლის გაძლიერება რეგიონში, ირანის ინტერესები – ის საკითხებია, რომლებიც ირიბად აისახება საქართველოზე.

“საქართველო არის “დაეშის” წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრი და ამასთან, საკმაოდ ახლოსაა მიმდინარე მოვლენებთან. რეგიონში შექმნილი სიტუაციის კუთხით მრავალი სახელმწიფოს  ინტერესი იკვეთება. აქედან ორი – აშშ და თურქეთი – არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯერ მოლოდინის რეჟიმშია, საინტერესოა, საბოლოოდ რა პოზიციას დაიკავებს და ამ პროცესიდან მოგებული ვინ დარჩება. სირიაში ბოლოს განვითარებული მოვლენებით რუსეთმა იხეირა, მიიწერა რა “დაეშზე” გამარჯვება მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებისა, რომ დაამარცხა “დაეში”. საყურადღებოა ირანის და დასავლეთის ინტერესები და სირიელი მიგრანტების საკითხი, რომლებიც ახლა  თურქეთის ტერიტორიაზე ბანაკებში არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რა პროცესები მიმდინარეობს და გავაკეთოთ სირღმისეული ანალიზი – რას გამოიწვევს ეს ყოველივე, თვალყური ვადევნოთ, რა გავლენა ექნება განვითარებულ მოვლენებს თითოეულ სახელმწიფოზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას თქმით, ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია საქართველოს მხრიდან რამე ტიპის პოზიციონირებაზე საუბარი, ვინაიდან თურქეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.

“შესაბამისად, რამე ტიპის პოზიციონირება რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ იქნება მართებული. თუმცა ნამდვილად არ უნდა ვიფიქროთ, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები და დაპირისპირება დასავლეთსა და თურქეთს  შორის არ აისახება საქართველოზე მომავალში, თუმცა ამ ეტაპზე უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია და რა შედეგებს გამოიწვევს საბოლოოდ”, – ამბობს თეონა აქუბარდია.

 

ამავე თემაზე:

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი