“მედიაში IDFI-ს პუბლიკაციის იმგვარი ინტერპრეტაცია მოხდა და ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს ამ ადრიან გაზაფხულს ნუში და ნეპოტიზმი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ერთად აყვავდა, რაც თავისთავად მცდარი და მიუღებელია”– განაცხადა მან.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან (GNCC) მიღებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აპარატში 51 ახალი თანამშრომელი მიიღეს და მათგან რამდენიმე პარლამენტის წევრების ნათესავია. ისინი სწორედ იმ პარლამენტართა ნათესავები არიან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები იყვნენ, რომელიც GNCC საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა.
ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ არც ერთი პირი, რომელზეც IDFI-ს კვლევაში აქცენტი გაკეთდა, არც მისი და არც კომისიის წევრის ნათესავი არ არის. მისი განმარტებით, თითქმის ყველა მათგანი კომისიის აპარატში დასაქმდა მანამ, სანამ მოხდებოდა კომისიის წევრთა შემადგენლობის განახლება და კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
“ანუ, არსებული მოცემულობა ჩვენ გვერგო მემკვიდრეობად. ამავე დროს, განვმარტავ, რომ მემკვიდრეობა კიდევ უფრო მძიმეა და გაცილებით შორს და ღრმად მიდის, რაც ასევე გასაანალიზებელი და გასათვალისწინებელია,”– აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.
თავმჯდომარის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მემკვიდრეობა აუცილებლად შესაცვლელია, კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა აპარატის ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციაზე, უახლოეს მომავალში დამტკიცდება ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. მისი განცხადებით, ისინი არათუ იზიარებენ IDFI–ს რეკომენდაციებს, არამედ თავად იყვნენ კონკრეტული წინადადებების ინიციატორი რამდენიმე თვის წინ გამართულ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე, რომელსაც IDFI-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
“ვუხდი ბოდიშს ყველას, განსაკუთრებით ურიცხვ ახლობლებს და მეგობრებს, ვისი თხოვნაც (ასევე ურიცხვი) კომისიის აპარატში დასაქმების თაობაზე დღემდე ვერ თუ არ გავითვალისწინე და მომავალშიც ვერ გავითვალისწინებ, თუ მათი პროტეჟეების მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია არ დადასტურდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში,”– განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
