ახალი ამბები

თადუმაძის თქმით, კახიძემ ნიშნების ფურცლის არასრული ვერსია გადასცა

9 ოქტომბერი, 2019 • 1663
თადუმაძის თქმით, კახიძემ ნიშნების ფურცლის არასრული ვერსია გადასცა

გენერალური პროკურორი და უზენაესის სსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ ოთარ კახიძემ მისი ნიშნების ფურცლის არასრული ვერსია გადასცა და ამგვარად ამტკიცებდა, რომ თადუმაძეს საერთაშორისო სამართალი არ აქვს გავლილი.

როგორც გენპროკურორი ამბობს, მას დოკუმეტის დედანი გამოუგზავნეს:

“ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა, რომ მეთქვა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში და აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, რადგან ეს საგანი არ გამივლია. მე სახლიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი და აქ ეს ნიშანი არის.

აღნიშნულმა დეპუტტმა ისე დააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, მე მგონი, აღნიშნული დეპუტატის ქმედებაა ეს, რათა ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში, კითხვა და ნარატივი შექმნას, რომ თურმე შალვა თადუმაზე- ერთი, რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორიოს სამართალია, არ გადიოდა”, – აცხადებს თადუმაძე.

საპასუხოდ ოთო კახიძის თანაგუნდელმა ირაკლი აბესაძემ თადუმაძეს უთხრა, რომ აღნიშნული დოკუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მის მიერ წარდგენილი ფაილებიდან აიღეს და იქ აღნიშნული საგანი არ იყო ჩაწერილი.

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გაუჩნდათ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობაა. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

“შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების  თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში აღნიშნულია 1998 წელი, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ  გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი