ახალი ამბები

თადუმაძესთან პირდაპირი შრომითი ხელშეკრულება არასდროს გვქონია – OSGF

9 ოქტომბერი, 2019 •
თადუმაძესთან პირდაპირი შრომითი ხელშეკრულება არასდროს გვქონია – OSGF

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს, აცხადებს, რომ “ფონდი ღია საზოგადოების“ (OSGF) შეფასება მის დიპლომთან დაკავშირებით უსამართლოა, ვინაიდან სწორედ ამ დიპლომით ფონდთან 4 წლის განმავლობაში კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

თადუმაძე საუბრობს “ღია საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ პორტფოლიოზე, სადაც წერია:

“შალვა თადუმაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნისთანავე საზოგადოების მხრიდან გაჩნდა კითხვები მის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 6 თვის განმავლობაში ცდილობდა მიეღო გენერალური პროკურორის დიპლომის ასლი, შემდეგ კი იძულებული გახდა, ამ მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე 1994-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. გენერალური პროკურატურის ვებგვერდის თანახმად, შალვა თადუმაძემ აღნიშნული ინსტიტუტი 1999 წელს დაამთავრა ,იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ განაცხადში იგი ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდად მიუთითებს 1994-1998 წლებს, თუმცა უშუალოდ დიპლომში წერია 1993-1998წწ.

ასევე ბუნდოვანია თვითონ თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის საკითხი: განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ასეთი დასახელების სასწავლებელი არ მოიძებნა. ჩამონათვალში არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, შალვა თადუმაძეს ამ უნივერსიტეტში არ უსწავლია“, – ნათქვამია პორტფოლიოში.

თადუმაძე სწორედ ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დღევანდელ გასაუბრებაზე და თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, “ღია საზოგადოების ფონდი“, 4 წლის განმავლობაში “საკმაოდ მაღალანაზღაურებად“ იურისტად თვლიდნენ და მისი კვალიფიკაციით კმაყოფილნი იყვნენ, ახლა კი მის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებენ.

“არ ვიცი, ვინ არის ხელმძღვანელი დღეს ამ ორგანიზაციის, მაგრამ ამ ინსტიტუტს რეპუტაცია აქვს და როდესაც ასეთ რამეს აკეთებს, უმჯობესი იყო, თავის არქივში ჩაეხედა და ენახა, შალვა თადუმაძეს დიპლომი ჰქონდა თუ არა“, – ამბობს ის.

თადუმაძის ამ განცხადების საპასუხოდ ფონდი ამბობს, რომ თადუმაძეს “ღია საზოგადოებაში“ არასდროს უმუშავია.

“9 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენისას, კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ლევან კობერიძის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ იგი “საკმაოდ მაღალანაზღაურებადი” იურისტის სტატუსით ჩართული იყო ღია საზოგადოების საქართველოს ფონდიდან და ცენტრალური ოფისიდან დაფინანსებულ პროგრამებში და მისი დიპლომი მაშინ არ ყოფილა ბარიერი თანამშრომლობისთვის.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან. შესაბამისად, მას არასოდეს მოუწევდა დიპლომის წარმოდგენა ფონდში.

საქართველოში არსებობის 25 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსებული ასობით პროექტიდან შალვა თადუმაძე შესაძლოა ჩართული ყოფილიყო რომელიმე პროექტის განხორციელებაში. ასეთ  შემთხვევაში ფონდი არასოდეს  ითხოვს პროექტში მონაწილე პირთა დიპლომებს და ენდობა წარმოდგენილ პროფესიულ რეზიუმეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი