ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქაზე პუტინისთვის “დაბადების დღის უხამსად მილოცვის” გამო საქმე აღძრეს

9 ოქტომბერი, 2019 •
რუსეთის მოქალაქაზე პუტინისთვის “დაბადების დღის უხამსად მილოცვის” გამო საქმე აღძრეს

რუსეთის ფედერაციაში პოლიციამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ილია პუტევსკის წინააღმდეგ „ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის“ გამო (რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.1 მუხლის მესამე ნაწილი). პუტევსკიმ დაბადების დღე მიულოცა ვლადიმერ პუტინს და „სამუდამოდ სამარტოო საკანში ტუსაღობა“ უსურვა. 

„ტაიგა ინფოს“ და დოჟდის ინფორმაციით, პუტევსკის ეს პოსტი „ოდნოკლასნიკებში“ მის მიმართ უკვე მესამე ანალოგიური საქმის წარმოების მიზეზია.

“გისურვებ, რომ სამუდამოდ ცალკე საკანში იყო ტუსაღი”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებთან ერთად.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა დაადასტურა, რომ „უხამსი საჩუქრის არცთუ ისე ზრდილობიანი შეთავაზება“ პუტევსკისთვის ხელისუფლების უპატივცემულობის ბრალდებით მესამე საქმის აღძვრის საბაბი გახდა. მანამდე ხელისუფლების უპატივცემულობის გამო პუტევსკი 30 000 რუსული რუბლით (დაახლოებით 460 ამერიკული დოლარი) დააჯარიმეს

სასამართლომ დაადგინა, რომ „პუტინი“, რომელიც პუტევსკიმ თავის პოსტში ახსენა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ადვოკატებმა განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. 

კიდევ ერთი ანალოგიური საქმე სასამართლოში გადაცემამდე დახურეს – გამოძიების ვერსიით, პუტევსკიმ ქუჩაში მოსამართლეს შუა თითი უჩვენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი