ახალი ამბები

დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ხვადაგიანი უცვნიათ

8 ოქტომბერი, 2019 • 1529
დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ხვადაგიანი უცვნიათ

მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც 20 ივნისს აქციაზე დააკავეს, რა დროსაც მისი თქმით, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, დაზარალებულად ცნობილი არაა. ამის შესახებ ხვადაგიანმა “ნეტგაზეთს” თავად განუცხადა.

როგორც „სოვლაბის“ მკვლევარი ამბობს, აქციის დროს დაზარალებულებისთვის სტატუსის არმინიჭებით ხელისუფლება მომხდარისთვის მისთვის სასურველი ინტერპრეტაციის შექმნას ცდილობს:

“გასაგებია, რომ არ ჩქარობს რეჟიმი, დაზარალებულებს მისცეს საშუალება, კანონიერი პროცედურებით გააგრძელონ მოქმედება. ასევე, მათ მიერ შემუშავებულ „ვერსიას“ პოლიციელებზე აქცენტი სჭირდება, რომელთაც „სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს“, რომელ სცენარშიც მასობროვად ნაცემი და დასახიჩრებული მშვიდობიანი მოქალაქეები ვერ თავსდებიან”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

20-21 ივნისის საქმეზე უფრო მეტი სამართალდამცველია დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე მოქალაქე. საია-ს მიერ პროკურატურისგან გამოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დაზარალებულად ცნეს 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე.

დაზარალებულებს შორის ჯერჯერობით არ არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი უცვნიათ.

20/21 ივნისის მოვლენებიდან 3 თვეზეა მეტია გასული.

“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – ამბობს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც აქციის დარბევისას შს მინისტრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი