ახალი ამბები

ბედუკაძის სააგენტომ და სხვა ანტიდასავლურმა მედიებმა ბიუჯეტის ფული მიიღეს – MDF

8 ოქტომბერი, 2019 • 1255
ბედუკაძის სააგენტომ და სხვა ანტიდასავლურმა მედიებმა ბიუჯეტის ფული მიიღეს – MDF

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანგარიშის თანახმად, 2014-2017 წლის პრაქტიკის მსგავსად, საბიუჯეტო ორგანიზაციები 2018 წელსაც აგრძელებდნენ რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიასაშუალებებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ, ასევე, კრემლის პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენდნენ.

MDF-ის შეფასებით, გამოიკვეთა 7  მედიასაშუალება, რომელთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალი ღირებულების კონტრაქტები გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასთან” (130 025) და ონლაინ-გამოცემა Newspress.ge, nsp-სთან (36 173) გაფორმდა. გარკვეულ მედიებთან მსგავსი კონტრაქტები შუამავლების  მეშვეობით, არაპირდაპირ ფორმდებოდა (“საქართველოს რესპუბლიკა”, თბილისი 24, ალია).

7 გამოცემა, რომელიც MDF-ის შეფასებით, სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და მათ მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საკონტრაქტო მომსახურების თანხა:

  1. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” – საკონტრაქტო მომსახურების თანხა 129 710;
  2. Newspress.ge, nsp –  საკონტრაქტო მომსახურების თანხა 36 173;
  3. “თბილისი 24” და გაზეთი “ალია” – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ “კლიპარტთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 7 მედიასაშუალებაში ინფორმაციის განთავსების ღირებულება 50 000-ს ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის ნაწილი ონლაინ-გამოცემა “თბილისი 24”-ზე და გაზეთ “ალიაზეც” გადანაწილდა, თუმცა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია
    თითოეულ მედიაზე განაწილებული ზუსტი თანხის იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა.
  4. სააგენტო “მარშალპრესი” – საკონტრაქტო მომსახურების თანხა 8 114;
  5. ობიექტივი” – საკონტრაქტო მომსახურების თანხა 3746;
  6. ,,სამეფო არხი” (ყოფილი ხარისხის არხი) – საკონტრაქტო მომსახურების თანხა 3100.

MDF წერს, რომ გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” ანტიდასავლური, ასევე ჰომოფობიური და თურქოფობიური შინაარსის მასალებს და სხვადასხვა კონსპირაციებს ავრცელებდა; Newspress.ge კი რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული პროპაგანდისტული მედიაპლატფორმის, Sputnik-ის მასალებს
ხშირად აქვეყნებდა და მისი სხვადასხვა პროექტების პოპულარიზაციას ახდენდა. MDF-ის ინფორმაციით, საბიუჯეტო კონტრაქტი შუამავლი კომპანიის მეშვეობით გაფორმდა პრორუსულ პარტია “ცენტრისტების” ლიდერ ვლადიმერ ბედუკაძის მფლობელობაში არსებულ ონლაინ-გამოცემა “თბილისი 24”-თანაც, რომელიც დეზინფორმაციების გავრცელების გარდა, საბჭოთა ავტორიტარი მმართველისა და სტალინის რეპრესიული რეჟიმის გამართლებას, საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივებას ახდენდა.

MDF აღნიშნავს, რომ აღნიშნული მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო ხელშეკრულებებს ადრეც იღებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშშ,ი MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, კომისიამ სახელმწიფოს რეკომენდაცია მისცა, გადაეხედა იმ მედიასაშუალებებთან არსებული კონტრაქტებისთვის, ვინც რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენა­ში იყო შემჩნეული, გარკვეულ მედიებთან, მათ შორის ტვ “ობიექტივი”, გაზეთი “ალია”, ასეთმა თანამშრომლობამ იკლო. თუმცა, როგორც 2018 წლის მონაცემები აჩვენებს, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა სხვა მედიებს არ შეხებია და ECRI-ის შესაბამისი რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

მედიის განვითარების ფონდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედიასაშუალებებთან 6 591 207 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს. აქედან 52.1% ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 23.4 % – ონლაინ-მედიაზე, 13% – რეგიონულ ტელევიზიებზე, 6.6 % – ბეჭდურ მედიაზე, 2.8% – რადიოზე, 2.1 % კი – შერეულ
კონტრაქტებზე გადანაწილდა.

კვლევის ძირითადი მიგნებები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებში იმედთან ერთად ბაზარზე ლიდერი იყო, საბიუჯეტო რეკლამიდან მიღებული თანხები შემცირებულია, “იმედის” შემთხვევაში კი – მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.  რადიომაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ყველაზე მეტი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი რადიო-ჰოლდინგ “ფორტუნასთან” გაფორმდა, რომელსაც რადიო “იმედი” მოსდევს. ონლაინ-მედიიდან საბიუჯეტო ხელშეკრულებების ყველაზე დიდი წილი “პალიტრა მედია- ჰოლდინგში” შემავალ ონლაინ-გამოცემებზე მოდის, რომელსაც მოსდევს Ipress.ge და ის მედიები, რომლებიც
Ipress.ge-ს საიტზე პარნტიორებად აქვს მითითებული. ბეჭდვით მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასთან გაფორმდა, რომელსაც გაზეთი “რეზონანსი” მოსდევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი