თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თუ ვინმესთვის გაძვირებული ტაქსი პრობლემა იქნება, “იქნება ახალი ავტობუსები, იქნება განახლებული მეტრო“.
პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომლის თანახმადაც, A კატეგორიის ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.
ამ მოვლენას ბევრი მოქალაქე, მათ შორის სოციალურ ქსელში, ტაქსის გაძვირებას უკავშირებს. დღეს, 8 ოქტომბერს, კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს თავად ტაქსის გაძვირებაზე. მათთან საუბრისას კალაძემ განაცხადა:
“ჩვენი ამოცანაა, მათ შორის, მიკროავტობუსების ჩანაცვლება და, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. პარალელურად მიმდინარეობს ტაქსების რეფორმა და ტაქსების მოწესრიგება და მთავარი ამოცანაა, რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა და ახალი, უსაფრთხო ავტომობილი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია.
თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება, იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რომლითაც გადაადგილება ყველაზე სწრაფად შეეძლებათ, იქნება განახლებული მეტრო, რეაბილიტირებული ვაგონებით… ეს საკმაოდ რთული პროცესია“, – ამბობს კალაძე.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა თავის შარშანდელ განცხადებას, სადაც თქვა, რომ – ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა.
“ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით ზოგადად სატრნაპოსტო პოლიტიკაზე, იმ კონტექსტში იყო განცხადება გაკეთებული. ტაქსის ჰყავს თავისი კლიენტი, შესაბამისად, როდესაც შენ [მერიას] ქალაქში დაწყებული გაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა… ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ გამართული იყოს ყველაფერი და ეს პროცესი დაყწებულია“, – ამბობს კალაძე.
კალაძე ჟურნალისტებთან ასევე განმარტავს, რომ მერიამ სატრანსპროტო პოლიტიკის რეფორმის ხედვა 2 წლის წინ წარმოადგინა, მისი განხორციელების შემდეგ კი თბილისი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.
ამავე თემაზე:
კალაძე ტაქსების გაძვირებაზე: ეს იყო პირველი დღის ეფექტი, დღეს დარეგულირებულია