რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ დაბადების დღეზე ხელფასი მოუმატა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევსა და საკუთარ თავს. ხელფასების ზრდა პუტინის ბრძანებითაა გათვალისწინებული. ზრდამ, „ვედომოსტის“ ინფორმაციით, 4,3% შეადგინა და ინფლაციასთანაა დაკავშირებული.
პრეზიდენტის და პრემიერის გარდა, შემოსავალი გაეზარდათ თავდაცვის, საგანგებო სიტუაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, „როსგვარდიის“, საგარეო დაზვერვის, დაცვის და ფელდიეგერის სამსახურის ხელმძღვანელებსაც. მატება აგრეთვე შეეხოთ საგამოძიებო კომიტეტის და გენერალური პროკურატურის უფროსებს ალექსანდრე ბასტრიკინს და იური ჩაიკას.
პუტინის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ხელფასის მატებას „გეგმური“ უწოდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
პუტინის წინა წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი იყო 8,65 მილიონი რუბლი (დაახლოებით 133,000 აშშ დოლარი). აგრეთვე, პუტინის მფლობელობაშია 77 და 153,7 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ბინები და ორი 18 კვადრატული მეტრის გარაჟი. პუტინის ავტოპარკში შედის ორი რარიტეტული ავტომობილი „გაზ მ21“, „ნივა“ და მისაბმელი „სკიფი“.
„ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მხილების პროექტის“ (OCCRP) გამოძიებით გამოაშკარავდა, რომ სერგეი როლდუგინს, რუს ბიზნესმენსა და პუტინის მეგობარს, 1970-იანი წლებიდან ეკუთვნის ოფშორული კომპანიები, რომელთა ბრუნვაც მილიარდობით დოლარია. მიიჩნევენ, რომ როლდუგინის საკუთრებაში რეალურად პუტინის ფულია – „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მხილების პროექტი“ გამოძიების შედეგად მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეალურად მილიარდერია და მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.