ახალი ამბები

რუსთავში მკვლელობის საქმეზე მოქმედი პოლიციელები დააკავეს

7 ოქტომბერი, 2019 • 1979
რუსთავში მკვლელობის საქმეზე მოქმედი პოლიციელები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ გახსნა რუსთავში 35 წლის კაცის მკვლელობის ფაქტი. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული გ.ა.

ამავე საქმეზე ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი – 1989 წელს დაბადებული დ.დ. ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

როგორც შსს აცხადებს, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა-მ და მისმა თანამზრახველმა – 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ
დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ-ს, ორ პოლიციელს
და ყოფილ სამართალდამცველს.

“მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი – დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ  აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ-ს ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა”, – აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ, 1983 წელს დაბადებულ ზ.ჯ-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი