“რაც შეეხება რეიტინგებს, ამაზე არასოდეს გამიკეთებია განსაკუთრებული აქცენტი და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ის მთავრობა და ის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ მინისტრები, რომლებიც მხოლოდ რეიტინგებზე ფიქრობენ, ისინი არ არიან გულწრფელი. ცალკე განსჯის საგანია ეს რეიტინგები. ვინ აკეთებს, რა მეთოგოლოგიაა და ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს. ღიადაც ვთქვი, რომ მე მქონდა კითხვები. თუმცა ეს არ არის საინტერესო ჩემთვის ამ ეტაპზე. ჩვენთვის არის მთავარი, რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი მთავრობის მუშაობით, თუ ჩემი მინისტრები იქნებიან მაღალი რეიტინგით მოსარგებლე, ეს ჩემთვის არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო. ვინაიდან ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა, როგორც ერთიანი, არის მაღალრეიტინგული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეიტინგებზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მეტი საქმის კეთებაზე. იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლებას მდგომარეობა. ჩემთვის საზრუნავი არის ლარის კურსი, როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას ეს მდგომარეობა, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და არა რეიტინგები. რეიტინგები არის უსაქმურების საქმე. ვისაც არ აქვს საქმე, მხოლოდ ის არის დაინტერესებული რეიტინგების ზრდით თუ კლებით, მოვუწოდებ უსაქმურებს, რომ დაკავდნენ რეიტინგების შესწავლით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენიაზე, სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ”-ში გააკეთა.
IRI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” რეიტინგი 36 პროცენტია, ენმ-ს მხარს გამოკითხულთა 14% უჭერს, ხოლო თავისუფალ დემოკრატებს – 10%.
მეოთხე ადგილზე ლეიბორისტული პარტიაა 6 პროცენტით, 5-5 პროცენტს ინაწილებენ ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიები.