გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე სიტყვით გამოვიდა.
გუმბერიძემ 74-ე გენერალურ ასამბლეაზე, მესამე კომიტეტის დღის წესრიგის 25-ე საკითხის, „სოციალური განვითარება“- შესახებ ისაუბრა.
თავის გამოსვლაში ესმა გუმბერიძემ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ბარიერების იდენტიფიცირება და პირველ რიგში, მათი ხმის გაგონება.
საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა, ასევე, ხაზგასმით ისაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.
გაეროში საქართველოს მისიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგატის საპასუხოდ, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მოიხსენია და საქართველოს ურჩია, ორმხრივ დისკუსიაში ჩაერთოს არსებული ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად, ესმა გუმბერიძემ მას შეახსენა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტი აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე და შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ულებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ესმა გუმბერიძის სიტყვა გაეროში
მომავალი 2020 წელი არის უკანასკნელი, როცა შესაძლებელი იქნება გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმის ზოგიერთი მიზნის მიღწევა.
ამ დოკუმენტის მიღება არის ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ნაბიჯი სამყაროსკენ, სადაც იქნება სუფთა გარემო, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, ადამიანების უფლებების დაცვა და ეკონომიკური პროგრესი. მან დაადასტურა საერთაშორისო საზოგადოების დემოკრატიზაციის სურვილი პროცესების ხელმისაწვდომობის გაზრდით ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქამდე ვერ ხედავდნენ და ვერ უსმენდნენ – ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, ქალები. გეგმა აგრეთვე ხაზს უსვამს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში შშმ პირების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩართვას. ახალგაზრდები არა მარტო ჩვენი მომავალი, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აწყმოცაა. გრეტა თუნბერგი, რომელმაც 15 წლის ასაკში დააარსა მოძრაობა „პარასკევები მომავლისთვის“, შშმ პირია, აუტიზმის სპექტრით. თუმცა, შშმ პირის სოციალურმა სტატუსმა მას ვერ შეუშალა ხელი, ენთუზიასტი გამხდარიყო ჩვენი პლანეტის საერთო მომავლისთვის. ამ წელს მისი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა გვაჩვენებს გაეროს სწრაფვას ინკლუზიისადმი.
მდგრადი განვითარების მიზნების წინ წამოწევის ინსტიტუციონალიზაციისთვის ნაბიჯები იდგმება საქართველოში. მაგალითად, სასკოლო პროგრამაში წიგნის შეტანისთვის აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება. მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს აქამდე უხილავი საშუალო შემოსავლის სახელმწიფოების პროცესში ჩართვისთვის. ბევრი ამ კატეგორიის სახელმწიფო ან ჯერ კიდევ კონფლიქტის პირობებში ცხოვრობს, ან მხოლოდ ახლა იშუშებს ჭრილობებს და საჭიროებს როგორც მხარდაჭერას და დახმარებას, ასევე ხმას, როლს და გავლენას საერთაშორისო პროცესებში. აქამდე, გლობალურ ყურადღებას ან ყველაზე მდიდარი, ან ყველაზე ღარიბი ქვეყნები იმსახურებდნენ, თუმცა საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფოები ხშირად აწყდებიან დამალულ, მაგრამ არანაკლებ სერიოზულ გამოწვევებს. მდგრადი განვითარება და მშვიდობა მოიცავს არა მარტო ინდივიდთა კეთილდღეობას – იგი აგრეთვე აუცილებელია მათი სახელმწიფოებრივი არსებობისთვის.
მდგრადი განვითარების მიზნები ხაზს უსვამს „cross-cutting“ (ტრადიციულად დაშორებული ინტერესებისა თუ საკითხების დაკავშირება) და ინტერსექციური მიდგომების მნიშვნელობებს და აცნობიერებს, რომ ბევრ ადამიანს უწვევს გამოწვევებთან და ბარიერებთან ბრძოლა სხვადასხვა ფაქტორის გამო და რომ ბევრი მათგანი რჩება უხილავი და შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი შემჩნევა. ხშირ შემთხვევაში, პიროვნებების ერთ ქვაბში მოხარშხვა იწვევს გარიყვის ალბათობის ზრდას. “არავინ დავტოვოთ მიღმა“, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების პრეამბულაში წერია, მნიშვნელოვანია ადამიანებისა და მათთვის შესაძლო ბარიერების გააზრება, ასევე მათი მოსმენა.
მსურს მოგიყვეთ ჩემი უმცროსი თანასკოლელის ისტორია, თბილისის 202-ე საჯარო სკოლიდან უსინათლოებისთვის. ოჯახის დატოვების და სასწავლებლად თბილისში გადმოსვლის გარდა მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ოჯახი კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც ენახა. შესაძლებლობა, რომელიც ნებისმიერ ბავშვს ექნებოდა, საქართველოს სხვა რეგიონიდან რომ ყოფილიყო. იგი იყო გალიდან, საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის ნაწილიდან, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. აფხაზეთში არაა სპეციალიზირებული სკოლები უსინათლო ბავშვებისთვის; მათ აგრეთვე არ აქვთ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ საჯარო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, მას სახლში დაბრუნება მოუწია, რადგანაც მის ოჯახს არ ექნებოდა შესაძლებლობა, გალი დაეტოვებინა, მასთან ერთად ეცხოვრა და უნივერსიტეტში სწავლისას მხარდაჭერა აღმოეჩინა. თბილისში ზრდასრულ შშმ პირს არ აქვს საშუალება, დამოუკიდებლად იმუშაოს და ისწავლოს. მისთვის, როგორც ახალგაზრდა შშმ ქალისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან, არსებობდა ბარიერები როგორც თბილისში, ასევე გალში. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდები როდი განიცდიან მათი გადაადგილების უფლების, მშობლიურ ენაზე სწავლის, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის ან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებების დარღვევას. მათთან ერთად, ამ ყველაფრის გადატანა უწევთ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომლებთანაც მე მქონდა საუბარი ნდობის დამყარების შეხვედრებზე. მათაც აწუხებდათ, რომ აფხაზური ენა არ იღებს სათანადო ყურადღებას და დგას სტატუსის დაკარგვის რისკის წინაშე. განათლების უფლებებების დარღვევის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ, ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, მხარი დაუჭირა 100-ზე მეტ სკოლადამთავრებულს კონფლიქტის ზონის რეგიონებიდან და საშუალება მისცა მათ, მიეღოთ აკადემიური მომზადება და შემდეგ სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ჩაებარებინათ”, – განაცხადა ესმა გუმბერიძემ თავის გამოსვლაში.
როგორც გაირკვა, დროის გამო გამოსვლაში ესმა გუმბერიძემ სათქმელის დასრულება ვერ მოასწრო, თუმცა მან სრული ტექსტი ფეისბუკზე გამოაქვეყნა, ნეტგაზეთი მისი სიტყვის ამ ნაწილსაც გთავაზობთ:
“განათლებაზე საუბრისას, ყურადღებას გავამახვილებ, რომ როგორც მასწავლებელი და ახალგაზრდა აქტივისტი, ვმოგზაურობდი საქართველოს რეგიონებში და იქაურ ახალგაზრდებს ვესაუბრებოდი. ბევრი მათგანი ოცნებობს სწავლის შესაძლებლობსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაზე, თუმცა, კონკურენცია საკმაოდ დიდია და შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მოშორებულ რეგიონებში და არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, ძალიან მცირეა (თუკი საერთოდ არის) ხარისხიანი განათლების მიღების შანსი. ხშირად, ადგილებზე მეტი კვალიფიციური კანდიდატია. მნიშვნელოვანია უზრუნვველყოთ, რომ საერთაშორისო განვითარების დონორების დაფინანსებული თითოეული ახალგაზრდის სწავლა, თითოეული აკადემიური ან კულტურული გაცვლითი პროგრამა, თითოეული საზღვარგარეთ მიღებული მაგისტრის ხარისხი იქნება მათთვის, ვისთვისაც ეს იქნება გარდამტეხი და მოტივაციის მიმცემი და არ დარჩება მხოლოდ მორიგ აბზაცად რეზიუმეში ან დამღლელი ადგილობრივი რეალიებისგან თავის დაღწევის გზად.
3 წლის ასაკში, სხვადასხვა ეროვნების მშობელი ყველა ჩვენგანს მსგავს რაღაცეებს გვასწავლის. ჩვენ მხოლოდ შემდეგ შევიცნობთ განსხვავებებს, რომლებიც ამდიდრებს ჩვენთვის ძვირფას მრავალფეროვნებას. ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენგანს ამ გზაზე ნაკლები ზიზღი და ქედმაღლობა შეეძინა. ზემოთხსენებულით ჩვენ, ახალგაზრდებმა, ლიდერთა ახალმა თაობამ, უნდა გავიაროთ გზა იმ საერთაშორისო დემოკრატიზაციისა და ინკლუზიურობის იდეალებამდე, რომლებსაც მდგრადი განვითარების მიზნები ქადაგებს”, – განაცხადა ესმა გუმბერიძემ.
უფრო ვრცლად ესმა გუმბერიძეზე წაიკითხეთ აქ.