მუხლის ცვლილება და ელექტრონული სამაჯური ბრალდებულს – ეკა ჩხეიძის უფლებადამცველის მოთხოვნა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” წარმომადგენელი ბაია პატარაია ითხოვს მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული 56 წლის მამაკაცისთვის წარდგენილი ქორწინების იძულების მუხლის ჩანაცვლებას ადევნების მუხლით. “საფარი” ამ საქმეში მსახიობის ინტერესებს იცავს.

პატარაია ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მამაკაცი ეკა ჩხეიძეს ავიწროებდა, უთვალთვალებდა, ხვდებოდა სამსახურთან, აკითხავდა სადარბაზოსთან და იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა:

“ბრალდებულისგან ქორწინების იძულებაზე მხოლოდ ერთხელ იყო საუბარი, როდესაც ის ჩხეიძეს ქორწინების მოთხოვნაზე უარყოფის შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა, თუმცა, საერთო ჯამში, საქმე გვაქვს კლასიკურ ადევნებასთან”, – ამბობს პატარაია ნეტგაზეთთან.

პატარაიამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, არც ერთი მუხლი- არც ადევნება და არც ქორწინების იძულება -არ ითვლება მძიმე დანაშაულად, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, პროკურატურას ორი სხვადასხვა მუხლი ერთმანეთში არ აერიოს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქორწინების იძულებისა და ადევნების მუხლები შინაარსით განსხვავდება ერთმანეთისგან. 150-ე პრიმა მუხლის თანახმად, ქორწინების იძულება გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. თავისუფლებას 2 წლამდე ზღუდავს სისხლის სამართლის 151 პრიმა მუხლიც, რომელიც ადევნებას გულისხმობს, თუმცა ამ მუხლით ისჯება პირი, რომელიც სხვაზე ადევნების გზით იწვევს მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას, ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. 

უფლებადამცველის განმარტებით, ბრალდებულისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრება მოითხოვეს, რათა დაზარალებულს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს. პატარაია ამბობს, რომ ელექტრონული სამაჯურების პრაქტიკაზე საქართველოში პოლიტიკოს ნიკა მელიას მაგალითიც მიუთითებს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს მათ უფლება-მოვალეობაში არ შედის. 

შსს-ს განმარტებით, ძალაში ჯერ არ შესულა მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით, შედგა კომუნიკაცია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განემარტათ, რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა ცალკეული ჯგუფების მიერ თემის არასწორი ინტერპრეტაციით ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნეტგაზეთთან. 

ეკა ჩხეიძის საქმეში ბრალდებული მამაკაცი 28 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მამაკაცი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პატარაიას განცხადებით, მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას დაზარალებული და დაცვის მხარე დღეს ელოდებიან.

მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. მუხლები ქორწინების იძულებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი: სოფო აფრიამაშვილი